ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს და აცხადებს, რომ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის.
„ინფორმაცია გვაქვს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, შეისწავლის ამ შემთხვევას. საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური იმ მონაცემების საფუძველზე, რაც აქამდე გვქონდა. სხვა დანარჩენ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფორმაციის გაანალიზებისთვის, ამას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი2-ის“ ეთერში.