დირექტორები ანაზღაურებით უკმაყოფილოები არიან, სკოლის მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად კი კარგი პედაგოგების ნაკლებობას ასახელებენ - კვლევა
18-11-2020

სკოლის დირექტორები სკოლის პრობლემატურ საკითხებად სასწავლო მასალების შეუსაბამობას ან ნაკლებობას, ბიბლიოთეკის მასალების ნაკლებობას ან შეუსაბამობას,  მასწავლებლების კვალიფიკაციას ასახელებს. გამოკითხულ სკოლის ხელმძღვანელთა ნახევარზე მეტი კი სამუშაო ანაზღაურებით უკმაყოფილოა.

აღნიშნული მონაცემები TALIS-ის 2018 წლის კვლევაშია, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა. ანგარიშში ახალი კვლევის შედეგები შედარებულია 2013 წლის ანალოგიური მახასიათებლების მონაცემებთან.  

2018 წლის კვლევაში, სკოლების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური/კარგი მასწავლებლების ნაკლებობას ასახელებენ. მათი 66% თვლის, რომ ეს პრობლემა სკოლებს გარკვეულწილად მაინც აქვთ, დირექტორთა დაახლოებით 12% კი მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია სკოლისათვის ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორია.

გაზრდილია და 58%-ს შეადგენს სკოლის დირექტორების რაოდენობა, რომლებიც პრობლემატურად მიიჩნევენ სკოლის ბიბლიოთეკის მასალების ნაკლებობას ან შეუსაბამობას. ხოლო 17%-ს ბიბლიოთეკის ნაკლებობა დიდ პრობლემად მიაჩნია.

სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამების ნაკლებობას ან შეუსაბამობას კიდევ უფრო მეტი სკოლა განიცდის. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და 65%-ს შეადგენს.

„რთული სათქმელია რამ გამოიწვია კომპიუტერული პროგრამების შეუსაბამობა. სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების მოძველება“ - ნათქვამია ანგარიშში.

სკოლებში დამხმარე პერსონალის ნაკლებობას სკოლების 47% განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.

2018 წლის კვლევაში სასწავლო მასალების შეუსაბამობა ან ნაკლებობა კვლავ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს სკოლების ნახევარზე მეტ 53%-ის შემთხვევაში და ეს მაჩვენებელი გაზრდილია წინა კვლევასთან შედარებით. ინტერნეტზე არასაკმარისი წვდომის მაჩვენებელი შემცირებულია და ახლა 40%-ს შეადგენს, 13.5%-ია იმ დირექტორთა რაოდენობა, ვინც ამ პრობლემას სკოლისათვის ძლიერ შემაფერხებელ ფაქტორად განიხილავს. 

ამასთან, ანგარიშში პოზიტიური მახასიათებლებიც არის აღნიშნული: „კვლევაში მონაწილე დირექტორების პასუხების მიხედვით, სკოლებში არ ხდება მასწავლებლების დაგვიანება, ისინი არ აცდენენ გაკვეთილებს და არ ეწევიან მოსწავლეების დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით. სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში პოზიტიური პროფესიული გარემო და სასკოლო კლიმატია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო კვლავაც რჩება იმ ქვეყნების, რიგში რომელთაც TALISის საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი შედეგი აქვთ“ - წერია ანგარიშში.

ანგარიშის, მიხედვით, საქართველოში საჯარო სკოლების ავტონომიურობის ხარისხი დაბალია. დირექტორებს სრული თავისუფლება აქვთ სკოლებში საკადრო საკითხების გადაწყვეტილების მიღების დროს. დირექტორების თითქმის მესამედი (30%) ამბობს, რომ სკოლისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად, ერთპიროვნულად იღებს, თუმცა დირექტორთა 21% აღნიშნავს, რომ ვერ ახდენს გავლენას იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მისი სკოლის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, კვლევაში მონაწილე დირექტორების ნახევარზე მეტი ხელფასით უკმაყოფილოა:

„დირექტორთა 64%-ზე მეტი ამბობს, რომ უკმაყოფილოა თავისი სამუშაო ანაზღაურებით, ხოლო 19% შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა სამუშაო პირობებით“.

TALIS 2018-ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოდან 192 სკოლის 3 101 მასწავლებელი და დირექტორი იყო ჩართული. TALIS-ის კვლევის მიზანია, ერთი მხრივ, შეისწავლოს მასწავლებელთა საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ძირითადი ასპექტები და, მეორე მხრივ, გააცნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ საქმიანობის თავისებურებანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203