მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის მიზეზი, რომლის გამოც შესაძლოა სკოლამ პედაგოგს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს. მიზეზებს შორის ერთ-ერთი პედაგოგის მიერ გაცდენილი საათების რაოდენობაც არის.
კანონის მიხედვით, თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთან, თუ მასწავლებელს გამოყენებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული შვებულება.
მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მასწავლებლის ინიციატივით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია სკოლას აღნიშნულის შესახებ აცნობოს წერილობით 30 კალენდარული დღით ადრე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.