პირველი სემესტრის ბოლომდე სწავლა საჯარო და კერძო სკოლებში დისტანციურად გაგრძელდება - გადაწყვეტილება 10 დიდ ქალაქსა და აჭარას ეხება
24-11-2020
10 დიდ ქალაქსა და აჭარაში პირველი სემესტრის ბოლომდე როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი  დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნული ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა. 

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, შეგახსენებთ, etaloni.ge ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში წერდა, რომ მაღალი კლასის მოსწავლეები ამ სემესტრში საკლასო ოთახებს არ დაუბრუნდებოდნენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ, თუმცა, სამინისტრომ უარყო და განმარტებაც გაავრცელა. მათი განცხადებით, ბრძანებაში პირობითად იყო დასახელებული თარიღი და სწავლა პირველი სემესტრის დასრულებამდე განახლდებოდა უფროსკლასელებისთვისაც. თუმცა თუ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციით და არსებული ეპიდვითარებით ვიმსჯელებთ, ბრძანებაში ჩაწერილი თარიღი ფორმალური კი არა, ოფიციალურია. 

იხილეთ ასევე: „ბევრი რამე განიხილება“ - ამირან გამყრელიძე ასახელებს დროს, როდესაც სკოლებზე გადაწყვეტილება გამოცხადდება


VII-XII კლასების მოსწავლეები დისტანციურად ახალ წლამდე ისწავლიან - რომელ სკოლებზე ვრცელდება განათლების მინისტრის ახალი ბრძანება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203