ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა მერაბ მიქავამ განაცხადა, მუშას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ზუგდიდში ვიყავი, როდესაც გავიგე მომხდარის შესახებ. ნაწილი ამბობს, რომ მუშები მესამე სართულიდან ფიცრებს ყრიდნენ, ნაწილი ამბობს, რომ ფიცარი გადმოვარდა. როგორც ვიცი, თვითონ გამოსულა იმ ადგილზე. უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ზუსტი ინფორმაცია მუშებმა იციან, რომლებიც პოლიციაში გამოიკითხნენ. მე დაშავებულთან მოვედი საავადმყოფოში. ოპერაციას არ საჭიროებს“,- ამბობს მიქავა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მას კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.