1000-ზე მეტმა მოსწავლემ „ნაეკის“ ტესტირება გაიარა
27-11-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 26-27 ნოემბერს მე-7 კლასში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად საცდელი ტესტირება ჩატარდა. 
 
მასში მთელი საქართველოს მასშტაბით, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით განხორციელდა: მოსწავლეები ელექტრონულად ასრულებდნენ ტესტურ დავალებებს - შეფასების შედეგებსაც ისინი ელექტრონულად მიიღებენ. მოსწავლეების დიდი ნაწილი სახლიდან ჩაერთო შეფასების პროცესში. შედეგები როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზე იქნება წარმოდგენილი.  
 
ტესტირების შედეგებს ცენტრი გამოიყენებს პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დასახვეწად, რათა ის მაქსიმალურად ასახავდეს სკოლის საჭიროებებს. ამასთან, დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს, შესაბამისად დაგეგმონ სასწავლო წელი. 
 
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე და აგრეთვე, პანდემიის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საცდელ ტესტირებაში მხოლოდ მეშვიდეკლასელები ჩაერთნენ -  მომდევნო პილოტირება მას შემდეგ დაიგეგმება, რაც მოხდება შედეგების ანალიზი. 
 
ამავე პროექტის ფარგლებში, 2020 წლის დასაწყისში 60-მდე საჯარო სკოლაში ცალკეული დავალებების აპრობაცია ჩატარდა. პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელი მოსწავლეების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურასა (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი  მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203