„სოფლად ცხოვრება არ ნიშნავს უპერსპექტივობას“- მასწავლებელი მესტიის სკოლიდან, რომელიც სოფელ ფარში სოციალურ პროექტებს ახორციელებს
26-10-2017
31 მაისს კოალიციამ „განათლება ყველასათვის საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის დაწყების შესახებ საზოგადოებას ამცნო. 

კონკურსში საქართველოს მასშტაბით უამრავი პედაგოგი ჩაერთო, რომლებმაც პროექტები და საინტერესო აქტივობების მთელი ნუსხა წარმოადგინეს.   

20 სექტემბერს, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა  ხუთი ფინალისტის ვინაობა. ნინო აბულაძე, ვლადიმერ აფხაზავა, თეა ნონიკაშვილი, ნათია ფურცელაძე და ეკა წულუკიძე გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. ჟიურიმ მათ შორის ვლადიმერ აფხაზავა გამოარჩია, თუმცა დარჩენილი ფინალისტების მართლაც საოცარი ღვაწლი და განათლების ინოვაციური აქტივობები შეუმჩნეველი არც საზოგადოებისთვის დარჩენილა.

Etaloni.ge-ს სტუმარია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი ეკა წულუკიძე. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი საკუთარი ყოფის შესახებ მოგვითხრობს. სკოლას სულ 40-მდე მოსწავლე ჰყავს. მკაცრი ზამთრის და უხვი ნალექის გამო, ზოგ მოსწავლეს სკოლამდე 6 კილომეტრის გავლა უწევს. ეკა წულუკიძის თქმით, თითოეულ მათგანს „საკუთარ შვილებად მიიჩნევს.“

„გვყავს ერთმოსწავლიანი კლასებიც, მასწავლებელს ძალიან დიდი ოსტატობა სჭირდება, რომ კლასის ერთადერთი მოსწავლე სწავლის პროცესით დააინტერესოს და ბავშვიც გაახალისოს. სოფელში ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის სკოლის მეტი არაფერი არ არსებობს. სკოლა და სახლი- ეს არის ჩვენი ცხოვრების რითმი...“

როგორც ეკა წულუკიძე Etaloni.ge-სთან საუბარში აცხადებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსისთვის განსაკუთრებულად არ მომზადებულა. განაცხადი ერთი დღით ადრე შეიტანა, მის მიერ განხორციელებული პროექტები კი წლების განმავლობაში დაგროვდა, პროექტები, რომლებიც გარემომ და საჭიროებამ მოიტანა.   

-17 წელია რაც პედაგოგი ვარ, ასე, რომ გამოცდილება დროთა განმავლობაში დამიგროვდა.  ყოველთვის ვცდილობდი ჯერ მე თვითონ მესწავლა ახალი და შემდეგ ეს ყველაფერი დამენერგა სკოლაში.

- რა მოგცათ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობამ?

- ბოლო ათეული წელია რატომღაც მასწავლებლის საქმიანობა და პროფესია არ იყო პოპულარული. „მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ დაიწყო ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში. თავად პროფესია გახდა პოპულარული, ბევრი დაინტერესდება ამით და გამოჩნდება მასწავლებლების ახალი ტალღა, რომლებსაც საზოგადოება ახლოს გაიცნობს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი პედაგოგისთვის. მეორე არის ის, რომ პროექტი პროფესიის პოპულარიზებას უწყობს ხელს და ბევრი ახალგაზრდა იქნება  მოტივირებული, რომ პედაგოგის პროფესიით დაინტერესდეს.

- კონკურსში გამარჯვება ახალგაზრდა პედაგოგმა, ვლადიმერ აფხაზავამ მოიპოვა, რას გვეტყვით მის შესახებ...

- ჟიური იყო ძალიან ობიექტური. ეს იყო კარგი გადაწყვეტლება. ლადო არის ძალიან კარგი პედაგოგი. ნამდვილად სამაგალითო პიროვნებაა. მას აქამდე არ ვიცნობდი, მაგრამ როდესაც მის აქტივობებს გავეცანი, გამოჩნდა ახალი ხედვა. ვლადიმერ აფხაზავას აღზრდილი მომავალი თაობა ნამდვილად იქნება წარმატებული და ვფიქრობ, რომ მან გამარჯვება ღირსეულად დაიმსახურა.

- სკოლაში 1999 წლიდან ასწავლით... როგორია ფარის საჯარო სკოლის ყოველდღიურობა?

- სოფლის სკოლაში ძალიან ბევრი პრობლემა არის. ზამთარში 6 თვის განმავლობაში ჩაკეტილები ვართ. ელემენტარულად რაიონში გადაადგილების საშუალება არ გვაქვს. მთელი 6 თვის განმავლობაში ბავშვები ვერსად გაგვყავს, რაც დისკომფორტს გვიქმნის.

საგანმანათლებლო ფუნქციასთან ერთად, სოფლის სკოლას მეტი დატვირთვა აქვს. ჩემი საქმიანობის მიზანიც ეს არის, რომ ბავშვებმა გაკვეთილების მიღმაც შეიმეცნონ სამყარო. ამას ვაკეთებ უკვე ამდენი წელია და ასე გავაგრძელებ. ყოველთვის ვეცდები ბავშვებს მივცე საინტერესო ყოველდღიურობა, ჩამოვუყალიბო მოქალაქეობრივი ვალდებულებები, ავუმაღლო ცნობიერება რათა გახდნენ უფრო აქტიურები. ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა პრობლემის მოგვარებას.  ამაში ხელს მშობლებიც მიწყობენ და თემიც ძალიან აქტიურობს. რომ არა ეს ერთსულოვნება, თითოეული პედაგოგის და განსაკუთრებით დირექტორის მონდომება, ამ ყველაფერს მარტო ვერ შევძლებდი.

- რა მდგომარეობაა ზამთარში?  

- მაღალმთიან რეგიონებში ზამთარი უხვი ნალექით გამოირჩევა. გათბობის მხრივ სკოლაში პრობლემა არ გვაქვს, გვაქვს ღუმელები, სკოლა მარაგდება შეშით. თუმცა, უხვი ნალექის გამო, შესაძლებელია ორი- სამი დღით სოფელი მოწყდეს გზას, არის შესაბამისი ტექნიკა და ნალექი მალევე იწმინდება, მაგრამ არსებობს დღეები, როდესაც მოსწავლეებს უჭირთ სკოლაში მოსვლა. თვითონ სოფელი ფარი რამდენიმე პატარა სოფლისგან შედგება.

მე მყავს ოთხი შვილი, ჩემი შვილები ამ სკოლაში სწავლობენ. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ძალიან თბილი დამოკიდებულებაა. ეს განაპირობა იმანაც, რომ სოფელი პატარაა და ყველა ერთმანეთს ვცინობთ, ვეფერებით.

- თქვენი მოღვაწეობა სოფელ ფარის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი პროექტებით და აქტივობებით გამოირჩევა...

- ერთი პერიოდი იყო „უძრაობის ხანა“. მე თვითონაც ძიების პროცესში ვიყავი... მინდოდა სოფელში განათლების ინოვაციური გზები დამენერგა. 2012 წელს „ტრენინგებისა და კონსულტაციების“ პროექტით მოვხვდი სასწავლო ტურში, სადაც ვნახე თუ როგორ აქტიურობდნენ ახალგაზრდები სხვადასხვა რეგიონებში. მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემს რეგიონშიც ყოფილიყვნენ ასეთი ახალგაზრდები. როდესაც ვიწყებდი, ვიცოდი რა მინდოდა, თუმცა როგორ გამომივიდოდა მიზნამდე მისვლა არ ვიცოდი. ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა. 2012 წელს ჩამოვაყალიბე სამოქალაქო კლუბი- „ცოდნა ძალაა.“ მალევე განვახორციელეთ საგრანტო პროექტი. არ გვქონდა ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, არ გვქონდა არანაირი ტექნიკა.

„ცოდნა ძალაას“ პარალელურად, 2016 წელს ჩამოვაყალიბეთ ეკო კლუბო- GREEN SPACE. ეს იყო პირველი პროექტი რეგიონში, რომელიც სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავებას მიეძღვნა. როდესაც ვნახე, რომ ამის მოგვარება მხოლოდ სამოქალაქო კლუბით არ შეიძლებოდა, ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია- „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“, დიდი გრანტით შევძელით ამ ნაგავსაყრელების აღმოფხვრა, სანაგვე ურნების განთავსება, შემდეგ მუნიციპალიტეტთან დავდეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც სოფლიდან ამ ნაგვის გატანას უზრუნველყოფს.

- მესტიის მუნიციპალიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალური საწარმო „მზეკო“, რომელიც თქვენ დააფუძნეთ. რა შეცვალა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში საწარმოს ამუშავებამ?

- ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდმა უკვე მეორე პროექტი დააფინანსა ფარში. პირველი პროექტი იყო სოციალური საწარმო- „ტურისტული ცენტრი,“ რომელიც მოიცავდა სოფლის ტურისტული პოტენციალის რეალიზებას. ამ პროექტმა წლის მასშტაბური პროექტის ჯილდოც მოიპოვა.

ამის შემდეგ დაიწყეს სოფელ ფარში ტურიზმზმე ფიქრი. ოჯახებში დაიწყო კერძო ბიზნესის გავითარება. ერთ წელიწადში გვაქვს არნახული შედეგი. როდესაც სოფელ ფარში ტურისტი საერთოდ არ ჩამოდიოდა, დღეს უკვე 12-13 ოჯახი იღებს ვიზიტორებს.

- თუმცა, სოციალური საწარმოს დაფუძნების მიზანი მხოლოდ ტურიზმის განვითარება არ ყოფილა...

- გვქონდა „ბლოგების კონკურსი.“ სვანეთის რამდენიმე სოფელში, სადაც ტურიზმი ახლა ვითარდება, მოსწავლეებისთვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ბლოგებისა და ელექტრონული ბუკლეტებისთვის, სადაც მოსწავლეებს უტარდებოდათ სემინარები თუ როგორ მართონ ბლოგები და ელექტრონული ბუკლეტები. პარალელურად მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შედგა კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული სკოლა.

2017 წელს  ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდმა დააფინანსა მეორე პროექტი, ეს არის სოციალური საწარმო ქალებისთვის- „მზეკო“. პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ქალების დასაქმება. ასევე ახალგაზრდა ქალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. 

ჩამოვაყალიბეთ სამი წრე:

1. თეთრეულის და საოჯახო ტექსტილის კერვა, სადაც დავასაქმეთ 5 ქალბატონი.

2. ტრადიციული მეთოდით მატყლის დამუშავება - განსაკუთრებით სვანური ქუდების წარმოება. ეს ტრადიცია თანამედროვე ახალგაზრდებში აღარ არსებობს. თუკი შორეულ წარსულში ძლიერი ფესვები ჰქონდა, დღეს უკვე გადაგვარების პირასაა, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ ახალგაზრდა ქალებმა ძველი ტრადიციული მეთოდებით ქსოვა აუცილებლად უნდა იცოდნენ.

3. მესამე წრე ეს არის, ქარგვა და ქეჩზე მუშაობა. პროცესში უშუალოდ 7 წლის ასაკიდან არიან ქალბატონები ჩართული. ისინი ამზადებენ სამკაულებს და სუვენირებს.

უკვე სამი თვეა, რაც ეს საწარმო ფუნქციონირებს. გვინდა ჩვენი ნაწარმი გავიტანოთ რაიონიდან. ამ წუთში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას თბილისში არსებულ მაღაზიასთან.

- ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი სამომავლო გეგმებიც...

- პროქტები უკვალოდ არ უნდა დაიკარგოს, რადგან ამ ყველაფერში უამრავი შრომაა ჩადებული. ვგეგმავთ გავაერთიანოთ ტურისტული ცენტრი და სოციალური საწარმო რათა ტურისტებისთვისაც მიმზიდველი ადგილი იყოს და მოსწავლეებისთვისაც საინტერესო სივრცე შეიქმნას.

ჩვენი პროექტის ყველა ბენეფიციარი არის ძალიან მოტივირებული. ისინი ქმნიან ნაწარმს, ჩვენ გამოფენა- გაყიდვებზე ნაწარმის რელიზებას ვახდენთ. აქედან შემოსავლის 30% მათ ეკუთვნით, წარმოიდგინეთ 7 წლის ბავშვმაც კი მიიღო თავის ნამუშევარში პატარა ჰონორარი.

- რას ეტყოდით თქვენს მოსწავლეებს და პროექტებში ჩართულ  ბენეფიციარებს?  

- ჩემს მოსწავლეებს, მინდა ჩავუსახო იმედი... სოფლად ცხოვრება არ ნიშნავს უპერსპექტივობას. არ უნდა დაიწყვიტონ გული იმის გამო, რომ ცხოვრობენ სოფელში. ხშირად ამის გამო დაჩაგრულადაც კი გრძნობენ თავს, მაგრამ ისინი აქ ჯანსაღ ურთიერთობას, ჯანსაღ უნარებს, სიკეთეს სწავლობენ. სოფელს აქვს მომავალი თუკი წასული ახალგაზრდები დაბრუნდებიან და მათ შესაძლებლობებს ქვეყანას მოახმარენ. სოფლად ცხოვრება არ ნიშნავს უიმედობას!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203