როგორ უნდა შეარჩიოს სასწავლო პროგრამა აბიტურიენტმა სწორად - მომავალ სტუდენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ახალგაზრდების ცხოვრებაში სტუდენტობა ყველაზე მნიშვნელოვანი ხანაა. ეს არის პერიოდი, როცა ირჩევ რა გინდა აკეთო მომავალში, საით გინდა წავიდეს შენი ცხოვრება და რა პროფესიაში ხედავ საკუთარ თავს. თუმცა სტუდენტობამდე მისასვლელად ახალგაზრდებს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, მათ შორის იმის, თუ რომელი პროგრამის არჩევა სურთ, რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ანდონ მომავალი და სად მიიღებენ რეალურად მაღალი ხარისხის განათლებას.
აბიტურიენტებს ხშირად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ იციან კრიტერიუმები თუ რის მიხედვით უნდა აირჩიონ პროგრამა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. იმისთვის რომ ამ პროცესს თავი წარმატებით გაართვათ, გთავაზობთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას და რეკომენდაციას, რომელიც პროგრამების შერჩევაში დაგეხმარებათ.
- პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ სტუდენტებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი, თუ ისინი აკრედიტებულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.
- · აუცილებლად გაეცანით თქვენს მიერ შერჩეული პროგრამების აკრედიტაციის დასკვნას. გთხოვთ, ასევე გაეცნოთ თქვენს მიერ შერჩეული ინსტიტუცი(ებ)ის ავტორიზაციის დასკვნას;
- · არჩევანის გასაკეთებლად ძალიან დაგეხმარებათ პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაცნობა. შეაფასეთ ნამდვილად არის თუ არა კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული კურსები, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. პროგრამების აღწერა აუცილებლად უნდა იყოს მოცემული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე;
- · შეაფასეთ რა ცოდნასა და უნარებს ავითარებს თქვენს მიერ შერჩეული პროგრამა და შეადარეთ იგი სხვა ინსტიტუციების მიერ შემოთავაზებულ ანალოგურ პროგრამებს;
- · გაეცანით და შეაფასეთ პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალი და მათი გამოცდილება; აკადემიური პერსონალის წევრების რეზიუმეები როგორც წესი მოცემული უნდა იყოს ინსტიტუციების ვებ-გვერდზე;
- · დააზუსტეთ სწავლების ენა და დარწმუნდით ხომ არ არის საჭირო რომელიმე უცხო ენის ცოდნა პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის;
- · შეეცადეთ დაადგინოთ არის თუ არა შესაძლებელი სტუდენტებისათვის, სტაჟირების გავლა, საერთაშორისო მობილობებში და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის ფარგლებში;
- · სთხოვეთ უკუკავშირის გაზიარება თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის კურსდამთავრებულებს;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ - სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა არის 4 წელი და საბაკალავრო პროგრამების შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან;
საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. არ ენდოთ ინსტიტუციებს, რომლებიც გთავაზობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;