„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და მკაცრად განისაზღვრა მასწავლებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობები.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 3 დეკემბრის ბრძანებაში - №114/ნ, აღნიშნულია:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ 111 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2007; სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.010.977) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები
შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების კატეგორია და:
ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;
ბ) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;
გ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
დ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №4/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ 111 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი ფუნქციები, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით;
ე) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
ვ) სამუშაო ადგილი;
ზ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
თ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
ი) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
კ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;
ლ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;
მ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;
ნ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;
ო) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;
პ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.“