ცვლილებები, რომლებიც ყველა სტატუსის მასწავლებელს შეეხება - სიახლეები პედაგოგთა სქემიდან და ანაზღაურების შესახებ
06-12-2020
მიმდინარე კვირას მასწავლებლების შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კანონში. ბოლო დღეებში გაცხადებული სიახლეები ყველა პედაგოგს შეება, თუმცა მათგან ზოგი სასიხარულო, ზოგიც კი არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. 

მოდით დავიწყოთ სასიამოვნო ცნობით. თუ აქამდე ვარაუდი იყო, ახლა პედაგოგებმა დანამდვილებით იციან, რომ ხელფასი 100 ლარით იანვრიდან მოემატებათ და ეს სიახლე უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტშია აღნიშნული. ანაზღაურება უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის გაიზრდება. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ამ ერთი შეხედვით სასიამოვნო სიახლეზე, სამინისტროს განმარტების გაკეთებაც კი უწევს. ეს კი იმიტომ, რომ პედაგოგები ხელფასის 150 ლარით მატებას ელოდნენ. როგორც მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე განმარტავს, სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად. 

ახლა კი მივყვეთ ცვლილებებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით შევიდა.

ცვლილებები პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის:

პრაქტიკოს პედაგოგებს სტატუსის ამაღლების, ანუ გამოცდაზე გასვლის ახალი ვადები აქვთ.  

პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს,  2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი“;

სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ 2021-2022  სასწავლო წლის დაწყებამდე ჩასატარებელ მასწავლებლის  გამოცდაზე და ნაწილობრივ დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (ის საგანი ან/და პროფესიული კომპეტენცია, რომელიც დაგროვებული არ აქვთ 15 კრედიტქულის ფარგლებში),  დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, გავიდნენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ორგანიზებულ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე. 

პრაქტიკოსი პედაგოგები გამოცდაზე 1,4, 7 და 10 კრედიტის დაგროვებას კვლავ შეძლებენ - ასეთია მორიგი შეღავათი, რომელსაც პედაგოგებს ახალი სქემა სთავაზობს. 

სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე პერიოდში მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის  კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:

ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ  1-5 კრედიტქულა;

ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით), დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.

პედაგოგს 2021 წლის სექტემბრამდე გამოცდაზე მეორედ გასვლა და წინა შედეგის შენარჩუნება შეეძლება - ეს უკვე მეორე შეღავათია პრაქტიკოსებისთვის

უფრო კონკრეტულად, თუ პედაგოგს წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები და ის აისახება ბაზაში: 

„პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები“, - წერია დადგენილებაში.

თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი მოცემული გამოცდის ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში დააგროვებს 19 კრედიტქულას, მას უფლება აქვს,  მონაწილეობა მიიღოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს როგორც უფროსი მასწავლებელი. 

გარდა სტატუსის ამაღლების შესაძლებლობისა, სქემაში ახალი კადრების მისაღებად ვაკანსიების გამოცხადების ვადებიც განსაზღვრულია. მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სკოლები ვაკანსიას იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას გამოაცხადებენ, რომლებიც სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებენ. 

„იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა კონკურსს გამოაცხადებს“ - წერია დოკუმენტში.

ცვლილებები უფროსი მასწავლებლებისთვის: 


ამ სასწავლო წელს უფროსი მასწავლებლები მხოლოდ გარე დაკვირვებით აიმაღლებენ სტატუსს
- აღნიშნული ცვლილება ეხება  იმ პედაგოგებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 15 კრედიტქულა, მათ შორის, ორი სავალდებულო აქტივობით (გარდა გარე დაკვირვებისა) ან წარდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაეთვალათ ხარვეზის მქონედ. აღნიშნულ პირებს მოცემული ხარვეზის გამოსწორების ვადად განესაზღვრათ 2019-2020 სასწავლო წლის პერიოდი და ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, რაც დადგინდება მონიტორინგის საფუძველზე, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე  დაკვირვება (როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით).
რაც შეეხება, სტატუსის მინიჭების ვადებს: უფროს მასწავლებლებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში, 2021 წლის იანვრიდან მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლის 30 სექტემბრამდე მიენიჭებათ

გარდა ამისა, თუკი უფროსი მასწავლებელი 2020-2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.

ამ სიახლეების პარალელურად, მასწავლებლის სახლმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გარე დაკვირვება დეკემბრიდან მხოლოდ დისტანციური ფორმატით ტარდება. ვინც უარს იტყვის დისტანციურად გავლაზე, მას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის N714 დადგენილების შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის საშუალება მიეცემა 2020-2021 წლის მეორე სემესტრში. 

უფროს მასწავლებლებს გამოცდის შედეგის გამოყენება მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად შეეძლებათ - ეს სიახლე იმ უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელზე ვრცელდება, რომელიც გამოცდაზე მენტორის სტატუსისთვის არსებულ ზღვარს გადალახავს:

„იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში“, - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ცვლილებები უფროსი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის:

უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლების წინაპირობა, სხვა სავალდებულო აქტივობებთან ერთად, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებაა

გაითვალისწინეთ, რომ გამოცდის გარეშე სტატუსის ამაღლება შეეძლებათ მხოლოდ იმ უფროს პედაგოგებს, რომლებსაც დარჩენილი აქვთ მხოლოდ გარე დაკვირვების გავლა და აღნიშნულ აქტივობას 31 იანვრამდე ან 15 ივნისამდე წარმატებით განახორციელებენ, ან მათ ვინც 2020-2021 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაწყებამდე დოქტორის აკადემიური ხარისხს მოიპოვებენ.

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები სტატუსს 2022 წლამდე ვერ აიმაღლებენ - ამ არცთუ ისე სასიხარულო ცვლილებასაც მთვარობის ახალი დადგენილება ითვალისწინებს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გათვალისწინებული პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარებას 2022 წლიდან უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პედაგოგებისთვის 2021 წლის განმავლობაში სტატუსის ამაღლება შეუძლებელი იქნება.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. 

სქემა არეგულირებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებს, შესაბამისი სტატუსის მინიჭების, დადასტურების, შეჩერების/აღდგენის წესებს, აგრეთვე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევებს. სქემა აგრეთვე არეგულირებს მასწავლებლის შეფასების წესსა და ელექტრონულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203