სტუდენტებს სასწავლო წლის განმავლობაში 75 კრედიტის დაგროვების უფლება ექნებათ - კანონში ცვლილება მინისტრის ბრძანებით შევიდა
07-12-2020

სტუდენტებს სასწავლო წლის განმავლობაში 60 კრედიტზე მეტი მოპოვების უფლება მიეცათ. აღნიშნული ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შევიდა.

ცვლილების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული ხანგრძლივობის, მოცულობისა და სტრუქტურის გათვალისწინებით სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა მოიცავს 60 (ECTS) კრედიტს. სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით შეიძლება სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა განისაზღვროს 60-ზე მეტი კრედიტით, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი ხანგრძლივობის ფარგლებში 60-ს ზევით დამატებული კრედიტების საერთო რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 15 კრედიტს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203