ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მნიშვნელოვანი სიახლეები არ შემოვიტანოთ ამ პანდემიის დროს - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განაცხადა.
ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სიახლეების შეტანა სხვა საგნებშიც სურდათ, თუმცა ამისთვის ტესტის ფორმატი და დავალებებიც უნდა შეცვლილიყო, რაზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ამ ეტაპზე უარი თქვა.
„როდესაც ცენტრი ადგენს ტესტებს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული სასწავლო გეგმით და იმ პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო. შესაბამისად, ეს პროგრამა უნდა დავფაროთ, ეს არის ჩვენი დავალება. ამ პროგრამის დაფარვა მნიშვნელოვანია, რადგან შეფასდეს იმ აბიტურიენტის მზაობა, რომელიც შედის უნივერისტეტში.
რაც შეეხება პანდემიას, რა თქმა უნდა ზოგადად საგნობრივი ჯგუფის ექსპერტები ცდილობენ ხოლმე, რამდენადაც შეიძლება გაითვალისწინონ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოსწავლეების მხარეს ვიყოთ, ეს გამოჩნდა თუნდაც წინა წელს, როდესაც ვნახეთ რომ ჩაჭრის მაჩვენებელი არანაირად არ იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, თუმცა პროგრამა მთლიანად უნდა დავფაროთ ამას გვერდს ვერ ავუვლით.
ერთი რაც შევეცადეთ გაგვეკეთებინა ის იყო, რომ სადაც შესაძლებლობა გვქონდა გამოცდის ხანგრძლივობა ნახევარი საათით შევამცირეთ. ეს შეეხო მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. სხვა საგნებშიც გვინდოდა ეს გაგვეკეთებინა, უბრალოდ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მნიშვნელოვანი სიახლეები არ შემოვიტანოთ ამ პანდემიის დროს. იმ ტესტებში, სადაც ახალი ტიპის დავალებების შემოტანა იყო საჭირო იმისთვის, რომ ხანგრძლივობა შეგვემცირებინა, ეს ამ ეტაპზე არ გავაკეთეთ, რადგან ამას შესაბამისი აპრობაცია სჭირდება და ბავშვებს სიურპრიზები არ დავახვედრეთ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.