განათლების სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას რამდენ საჯარო სკოლას არ აქვს ბიბლიოთეკა
09-12-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლების ბიბლიოთეკების შესახებ მონაცემებს არ ფლობს. აღნიშნულს etaloni.ge-ს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე უწყების პასუხიდან ვიგებთ. 

ჩვენ დავინტერესდით რამდენ სკოლას არ აქვს ბიბლიოთეკა და სად არის ბიბლიოთეკის მასალების ნაკლებობა - ამის საპასუხოდ უწყებამ მოგვწერა, სკოლების საერთო რაოდენობა, ნაცვლად ბიბლიოთეკების მონაცემებისა. 

მათი განმარტებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, მოსწავლეების სასკოლო ბიბლიოთეკით უზრუნველყოფა უშუალოდ სკოლების კომპეტენციაა. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციაა მოსწავლეები უზრუნველყოს სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას, მის მიერ ქვეყნის თვითმყოფადობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების შეთვისებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს/პროექტებს, რომლებიც საბიბლიოთეკო ფონდის გამრავალფეროვნებას ემსახურება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ინფორმაცია გამოითხოვოთ კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

საქართველოს განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო ინიციატივების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში სკოლებისთვის გასცემდა დაფინანსებას სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შესავსებად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ძირითადად დაფინანსდა რეგიონისა და საზღვრისპირა სოფლის სკოლები“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

საქართველოში 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მათ დიდ ნაწილში განსაკუთრებით მცირეკონტიგენტიან სკოლებში ყოველთვის იყო სასკოლო ბიბლიოთეკის ფონდის მრავალფეროვნების პრობლემა. ამ საკითხზე საუბარია სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევაში, რომელიც TALIS-მა 2018 წელს ჩაატარა და ახლა გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, გაზრდილია მონაცემი და 58%-ს შეადგენს სკოლის დირექტორების რაოდენობა, რომლებიც პრობლემატურად მიიჩნევენ სკოლის ბიბლიოთეკის მასალების ნაკლებობას ან შეუსაბამობას. ხოლო 17%-ს ბიბლიოთეკის ნაკლებობა დიდ პრობლემად მიაჩნია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203