რა შემთხვევაში არ ამოწმებენ მასწავლებლები დავალებებს დისტანციური სწავლებისას? - მოსწავლეებს დედლაინი აქვთ
11-12-2020

ონლაინ-სწავლება 2020 წლის მიწურულსაც აქტიურ ფაზაშია და მიუხედავად იმისა, იმედი გვქონდა, სწავლა საკლასო ოთახებში სრულად აღდგებოდა, დიდი ქალაქების მოსწავლეებს პირველი სემესტრის დახურვა სწორედ დისტანციურად მოუწევთ.

ახლა იმაზე საუბარს არ დავიწყებთ, რა ხდება ბავშვების ცნობიერებაში, მოსწონთ თუ არა სწავლის, ე.წ. პასიური რეჟიმი, მაგრამ ფაქტია - ზარმაცობენ და მიუხედავად პედაგოგთა ძალისხმევისა, დავალებებსაც ხან გზავნიან, ხან - არა; თუმცა არსებობს კიდევ ერთი კატეგორია - დაგვიანებულების, რომლებიც, სრულად არ გაურბიან პასუხისმგებლობას და დავალებებს მაინც ასრულებენ, ოღონდ დაგვიანებით.

საინტერესო კი ისაა, რამდენად ეთვლებათ ასეთ მოსწავლეებს ეს ძალისხმევა და ასწორებენ თუ არა პედაგოგები ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც დედლაინს დროში ასცდა?

Etaloni.ge-მ სწორედ ამ საკითხის გარკვევა სცადა და როგორც შევიტყვეთ, დაგვიანების შემთხვევაში, დავალებები, უბრალოდ, არ მოწმდება (რამდენიმე სკოლის პედაგოგებს გავესაუბრეთ)... საბოლოოდ კი რა ბედი ეწევა მათ, ჯერ არავინ იცის. კონკრეტული გადაწყვეტილება ალბათ დირექტორმა უნდა მიიღოს, მაგრამ ფაქტია, რომ დაგვიანებული ნამუშევრები ონლაინ-თაროებზე იმტვერება და ისიც უცნობია, როდემდე გაგრძელდება ასე.

გასაგებია, რომ პედაგოგის კეთილ ნებაზეცაა დამოკიდებული, მოსწავლეს შესრულებულ საქმეს დაგვიანებულად ჩაუთვლის თუ არა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებლებსაც აქვთ გარკვეული ვადები, ისინიც მკაცრად კონტროლდებიან და თუ წინა კარანტინის დროს, ეს საკითხები თვითდინებაზე იყო მიშვებული, ახლა ასე აღარ არის.

პედაგოგებს დირექტორები აკონტროლებენ, დირექტორებს - განათლების სამინისტრო და განათლების სამინისტროს ვინ აკონტროლებს - ამაზე სხვა სტატიაში ვისაუბროთ.

გასაგებია რომ მცირე უსამართლობაა იმ მოსწავლეების, ვინც საერთოდ არ ასრულებს დავალებებს და ვინც ამას დაგვიანებით აკეთებს, ერთ პირობებში ჩაყენება, მაგრამ არსებობს ვადები და სწორედ ამ ვადებში უნდა მოასწრონ ბავშვებმა დავალებების შესრულება,

ისიც გავითვალისწინოთ, რომ უკვე ონლაინ-არებიც იწერება და ალბათ, დროა, მოსწავლეებმა სრულად გააცნობიერონ - დისტანციური სწავლება, მოსწონთ თუ არა, გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს მათაც და პედაგოგებსაც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203