სკოლის ყველა ყოფილი დირექტორი დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად არჩევის პროცესის აღდგენამდე - სამინისტროს განათლების კოალიცია მიმართავს
17-12-2020

დირექტორების ნაწილისთვის მოვალეობის უფლების შესრულების შესაძლებლობის შეზღუდვა საეჭვო და უსამართლოა. განათლების სამინისტროს მსგავსი მიდგომა ნეპოტიზმის არსებობის ეჭვს აჩენს  - აღნიშნავს განათლების კოალიცია.

ორგანიზაცია ზოგადი განათლების სისტემაში სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლისა და მათი ნაწილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ მიდგომები უნდა შეცვალოს.

„მიგვაჩნია რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შერჩევითად დანიშვნა მოხდა სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევით.

ჩვენთვის ისევე, როგორც მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის, გაუგებარია რატომ შეეზღუდათ შესაძლებლობა სკოლის დირექტორების ნაწილს გაეგრძელებინათ საქმიანობა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე ყველანაირი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ასეთი მიდგომა აჩენს ეჭვს პროცესში პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობის თაობაზე.

ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არის საეჭვო და უსამართლო, რაც ზიანს აყენებს დემოკრატიული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას. ასეთი პრეცენდენტების დაშვება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, როდესაც აუცილებელია სკოლის ლიდერების მხარდაჭერა და არა დაუსაბუთებელი მოქმედებების განხორციელება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,  მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოახდინოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, მართებულად მიგვაჩნია სკოლის ყველა ყოფილი დირექტორი დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად სკოლის დირექტორის არჩევის პროცესის აღდგენამდე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203