ინტელექტ-ჩემპიონატის 2020 წლის დასკვნითი ღონისძიების საუკეთესო სამეული ცნობილია
17-12-2020
ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.


„ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიების პირველი სამეული ასეთია: 

პირველი ადგილი დაიკავა ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლემ ლუკა სულაბერიძემ. მან 71 ქულა დააგროვა და ამისთვის 4 წუთი და 52 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 68 ქულით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გუგა კვირკვიამ მოიპოვა. მან ეს ქულა 5 წუთსა და 21 წამში დააგროვა. 64 ქულა 4 წუთსა და 25 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუა. ამასთან, მეოთხე ადგილზე გასულ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ჟანა გოგიაშვილსაც 64 ქულა აქვს, თუმცა მესამე ადგილოსანმა ამ შედეგისთვის ნაკლები დრო დახარჯა.



გამარჯვებულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.

ცნობისთვის, 2020 წლის შემოდგომაზე ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიებები საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდნენ „ეტალონი მოსწავლეები“, ხოლო ღონისძიების მონაწილეები თავის მხრივ მუნიციპალიტეტების სკოლებში ჩატარებული პირველი ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203