100-ზე მეტი სკოლა განახლდება და 14 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება - განათლების ინფრასტრუქტურული პროექტები 300 მლნ ლარით დაფინანსდება
21-12-2020
მე-10 მოწვევის პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის ახალი შემადგენლობას უსმენს. 

როგორც საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2021-2022 წლებში ეტაპობრივად 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდება, რის შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წელს, უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1 530 მოსწავლისთვის. 2021 წელს დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

განათლების ინფრასტრუქტურული პროექტები ჯამში, 300 მლნ ლარით დაფინანსდება.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000 ბავშვისთვის, 2021 წელს კი კიდევ 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203