საქართველოს 10 დიდ ქალაქის სკოლებში დისტანციური სწავლება 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. აჭარაში კი ონლაინ განუსაზღვრელი ვადით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე ისწავლიან - აღნიშნული ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში წერია, რომელიც უწყებამ 27 ნოემბერს მიიღო, თუმცა ბრძანება არ გასაჯაროებულა, ის პირდაპირ სკოლებს გადაეგზავნა.
„2020-2021 სასწავლო წელს ზოგიერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ ბრძანების, მიხედვით:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, სასწავლო პროცესი 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით წარმართონ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი წარიმართოს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე“, - აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საზოგადოებისთვის სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ცნობილი, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო.