დამსახურებული ჯილდოთი პედაგოგის წასვლა სკოლიდან, პროფესიული განვითარების ახალი სქემა, სადაც პრაქტიკოსი მასწავლებელი უბრალოდ აღარ არსებობს... ეს ნაბიჯები, სხვათა შორის, თავის დროზე, ისე მოინათლა, რომ ასაკოვანი პედაგოგების სკოლებიდან გაშვება და მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა, შესაბამისად, ახალბედა კადრებით სურდათ. გარკვეული პერიოდის წინ, მასწავლებლის სახლის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ თქვა, რომ სურს, გამოცდილი პედაგოგები ახალბედა კადრების მენტორებად გამოიყენონ.
როგორ წარმოუდგენია ეს ყველაფერი მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს? - სწორედ ამ კითხვით მივმართეთ ბერიკა შუკაკიძეს:
- განათლების რეფორმა დაეფუძნა ერთ მარტივ პოსტულატს - ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი კვალიფიკაციასა და არა - ასაკზე. ესაა არაადამიანური, არაპროფესიული მიდგომა. არაერთი ასაკოვანი პედაგოგი ვიცი, რომელიც გაცილებით აქტიური და მოტივირებულია... რაც შეეხება კითხვას - შეიძლება დღეში ამ ადამიანებმა ხუთი-შვიდი გაკვეთილის ჩატარება ვეღარ შეძლონ, მაგრამ ისინი სისტემიდან კი არ უნდა გავუშვათ, გვინდა, მენტორებად გამოვიყენოთ.
- სწორედ, ესაა საინტერესო - რას ნიშნავს „მენტორებად გამოიყენოთ“?
- ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფში ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან სისტემაში შესულ ახალბედა პედაგოგებს, მაგალითად, ცაიშის სკოლაში ექსპერტის გაგზავნას, ხომ სჯობს, ადგილზევე დაეხმაროს გამოცდილი პედაგოგი?
- ამაში მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ?
- უნდა მიიღონ! ყველა ვალში ვართ მასწავლებლებთან, რომლებიც უხელფასოდ წლები მუშაობდნენ. ვერ ვეტყვით - ახალგაზრდები უნდა მოვიყვანოთ და მათი ღვაწლი არ უნდა დაფასდეს - ეს იქნება ცუდი ტონი და ასეთი მიდგომა არც უნდა იყოს სისტემაში. პირიქით, გვინდა, ყველას ვაჩვენოთ, რომ მასწავლებელი ამ ქვეყანაში არის დაფასებული.