2020 წელს დაანონსებული გამოცდა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, არ ჩატარდა; წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს არ მოსწონთ, რომ წელი დაკარგეს და პანდემიის ფონზე, ჯერჯერობით, ისიც გაურკვეველია რა მოხდება 2021 წელს - ჩატარდება თუ არა გამოცდები, რათა პედაგოგებმა კომპეტენციის დადასტურება შეძლონ?
ამ კითხვით მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს მივმართეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ 2021 წელს მასწავლებლებისთვის გამოცდები ჩატარდება და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ამის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია:
- მასწავლებლებს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან და ამბობენ - წელი გაგვაცდენინეს, გამოცდა არ ჩაგვიტარესო, მინდა ვუთხრა - ეს გამოცდა მეხუთე კლასში მოსამზადებელი ქვიზი არაა და ამისთვის ლიტერატურა უნდა მომზადდეს. ახლა რომ გამოცდა ჩავუტაროთ ამ ხალხს, რას იტყვიან, იცით? - ლიტერატურა არ მოგვაწოდეს, არ გადაგვამზადეს და პირდაპირ გამოცდაზე გაგვიყვანეს, ესე იგი, გამოჭერა უნდოდათ ჩვენიო; ამიტომ, მოდი, მივყვეთ პროცესს ნორმალურად:
მასწავლებლის სახლმა გადავეცით მასწავლებლის ახალი სტანდარტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ეროვნული სასწავლო გეგმის ცენტრი, ახალი სკოლის ფარგლებში, ლიტერატურასა და მოთხოვნებს გადასცემს მათ და ამ მოთხოვნების ბაზაზე, ისინი შექმნიან ტესტს, მოიძიებენ ლიტერატურას, რომელიც მიეცემათ მასწავლებლებს, რათა მოემზადონ და ჩააბარონ. აბა, როგორ შეიძლება დავაანონსოთ - ხვალ ვატარებთ გამოცდას! ჩაიჭრება ნახევარზე მეტი და იტყვიან, ჩაგვჭრესო. ესაა პროცესი, რომელსაც სჭირდება სტანდარტი, ასევე ის, თუ რა მოთხოვნები აქვს სამინისტროს მასწავლებლის მიმართ; ამის მიხედვით მომზადდება ლიტერატურა, შეიქნება ტესტი და მასწავლებლებსაც დავურიგებთ ლიტერატურას, რათა მომზადება შეძლონ.
- რომ დავაზუსტოთ - 2021 წელს მასწავლებლებისთვის გამოცდები ნამდვილად ჩატარდება ხომ?
- ნაეკი მუშაობს უკვე ამაზე და მინდა, მადლობა ვუთხრა, რადგან სისტემის საამაყო წევრია. ჩვენ შორის გამოცდის ჩატარების თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ვერ გეტვით კონკრეტულ ვადას, რადგან ნაეკმა უნდა გადაწყვიტოს, როდის დაინიშნება გამოცდები.