„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ცვლილებები შევიდა.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებას“ დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ დაწესებულება პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის სახით განსაზღვრავს შემოქმედებით ტურს/კონკურსს, იგი ვალდებულია შემოქმედებითი ტურის/კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს.
კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
გ) აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
დ) შემოქმედებით ტურში/კონკურსზე მიღებული ქულა;
ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პერსონალურ მონაცემებთან.
ამასთან, ბრძანების მიხედვით, იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც დაშვების დამატებითი მოთხოვნის სახით დაწესებულების მიერ, განსაზღვრულია შემოქმედებითი ტური/კონკურსი, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შემოქმედებითი ტურის/კონკურსის შედეგების, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.