ბაღებს ერთი წლით გაუხანგრძლივდათ ავტორიზაციის ვადა, ამ ინიციატივით განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.
ცნობილია, რომ ავტორიზაცია 5 კომპონენტს მოიცავს, რომელსაც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სააღმზრდელო დაწესებულება, თუმცა საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბაღი ამ პირობებს ვერ დააკმაყოფილებს.
კითხვა სხდომაზეც დაისვა, რაზეც ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ ასეთ სააღმზრდელო დაწესებულებებს მიეცემათ გარკვეული ვადები, რათა მათ ხარვეზების გამოსწორება შეძლონ:
„ბაღები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ავტორიზაციის პირობებს, არ არის საუბარი იმაზე, რომ დაიხურება; მათ მიეცემათ გონივრული ვადა, რათა არსებული ხარვეზები გამოასწორონ. ხოლო რაც შეეხება ბაღებს, რომელთა მშენებლობა მიმდინარეობს, ისინი სტანდარტების გათვალისწინებით უნდა აშენდეს“, - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.