თბილისის საჯარო ბაღების თანამშრომლებს საახალწლოდ ფულადი ჯილდო დაერიცხათ. ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენელმა etaloni.ge-ს დაუდასტურა.
„თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების თანამშრომლებს ქალაქის მერიისა და ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, წინასაახალწლოდ დაერიცხათ თანამდებობრივი ჯილდო, შესაბამისი ანაზღაურების 100 პროცენტის ოდენობით. ჯილდო გადაეცა ბაღების ყველა თანამშრომელს, გასული წლების მსგავსად“, - განგვიცხადეს სააგენტოში.
რაც შეეხება სკოლამდელი დაწესებულებების გახსნას, სააგენტოს ცნობით, საბავშვო ბაღების გახსნა არც 18 იანვრიდან იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაიხურა, დედაქალაქის მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით მარტიდან მშობლები ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს 2 კვირაში ერთხელ იღებდნენ. პანდემიის გამო 2020 წელს სააგენტომ უარი თქვა საზაფხულო ბაღზეც. 2020-2021 სააღმზრდელო წელი 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა 28 ოქტომბერს წინასაარჩევნო პროცესების გამო ისევ დაიხურა და მას შემდეგ აღარ განახლებულა. აღსანიშნავია, რომ უცნობია ბაღების გახსნის თარიღი.