რას წერს განათლებაზე ბიძინა ივანიშვილი წერილში, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოაქვეყნა
11-01-2021

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. აღნიშნულის შესახებ მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც განათლების რეფორმის მნიშვნელობასთან ერთად, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის სირთულეებზე ისაუბრა.

10 გვერდიან წერილში ივანიშვილმა განათლებას რამდენიმე წინადადება დაუთმო, სადაც აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა“ დაიწყო.

„მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის“, - ნათქვამია წერილში.

როგორც ივანიშვილი წერს, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სიღარიბე, რაც მოსახლეობის ნაწილს შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ართმევს.

„კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები“, -  აღნიშნულია წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203