როგორ უნდა დაწეროთ თემა, რომ მაღალი ქულა მიიღოთ - უცხოური ენის გამოცდის დეტალები აბიტურიენტებისთვის
14-01-2021

იცვლება თუ არა უცხოური ენის გამოცდის ტესტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რა ტიპის დავალებებს უნდა ელოდნენ აბიტურიენტები, რას უნდა მიაქციონ თემის წერისას ყურადღება და რამდენ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა უწევთ მათ - ამ და აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტში სიახლეები გასულ წელს შევიდა, შესაბამისად, ცენტრის განცხადებით, წელს ცვლილების შეტანის საჭიროება არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს შეუძლიათ, წინა წლის გამოქვეყნებული ტესტებით იხელმძღვანელონ.

„უცხოური ენის ტესტი მოსმენის ორი დავალებით იწყება, რომელიც შედგება 5 მოკლე და ერთი შედარებით ვრცელი ტექსტისაგან. დავალების მოსმენა ხდება ორჯერ.

მოსმენის დავალების ჩასაწერად ცენტრი იწვევს ინგლისურენოვან სპეციალისტებს. ხმის ჩაწერა ხდება სპეციალური აპარატურით მაღალ დონეზე. თუ რომელიმე აბიტურიენტმა ჩათვალა, რომ მოსმენის დავალების გამო პრობლემა შეექმნა (ნებისმიერი მიზეზით), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე მეთვალყურეს, თუმცა ამ ტიპის პრეტენზიები, შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან მცირეა.

ამასთან, გირჩევთ, თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი“, - აღნიშნავს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

რაც შეეხება წერით დავალებას, ცენტრი აბიტურიენტისგან დაახლოებით 150 სიტყვას ითხოვს, თუმცა მათ უფრო დიდი ტექსტის დაწერაც შეუძლიათ. აქვს თუ არა გავლენა რთულ თანწყობილ წინადადებებს გამოიყენებენ თემის წერისას აბიტურიენტები თუ მარტივს? - ცენტრის მიდგომა ასეთია:

„თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებები, თუ მაღალი ქულის მიღება გსურთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაწეროთ დაზეპირებული, შაბლონური ფრაზები. ნაწერში უნდა ჩანდეს თქვენი აზროვნება და პირადი დამოკიდებულებები. რაც შეეხება კონტრარგუმენტებს, ამის აუცილებლობა არ არის - რამდენიმე ლოგიკური არგუმენტის მოყვანაც საკმარისი იქნება.

იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები.

ამასთან, აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი - ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება“,  - აღნიშნავს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის გამოცდებისთვის არ შეცვლილა მინიმალური ზღვარი. აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენის საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს დააგროვებს.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს არ შეუძლიათ ერთდროულად ორ უცხოური ენა ჩააბარონ.

„აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაზე არის მოთხოვნილი. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ორი ან მეტი უცხოური ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთ-ერთი უცხოური ენის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს“, - აღნიშნავენ ცენტრში.

იხილეთ ასევე : სავარჯიშო აბიტურიენტებისთვის: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების ნიმუშები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203