როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები? - კიდევ ერთი განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან
როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები - ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოებაში, არამედ ყველა ოჯახში, სადაც ბავშვები და სასკოლო ასაკის მოზარდები არიან. მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტება გააკეთა, აღნიშნული კითხვით სხვა საჯარო მოხელეებსაც მიმართავენ. ამჯერად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც განმარტა, როდის გაიხსნება საგანმანათლებლო დაწესებულებები. მისი შეფასებით, სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა.
„სკოლების და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლების და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლების და ბაღების გახსნაზე,“-აღნიშნა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში .