სკოლებს ხარჯი ეზრდებათ? - განათლების სამინისტროს დავალება
16-01-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც სწავლა 18 იანვარს არადისტანციურ რეჟიმში დაიწყება, მოსწავლეების ტრანსპორტირება აღდგება. ასევე სკოლებმა თავად უნდა უზრუნველყონ მასწავლებლების ტრანსპორტირებაც.

„განათლების სამინისტრომ იმუშავა და თითოეული მუნიციპალიტეტიდან გვაქვს ინფორმაცია, უნდა ითქვას ის, რომ ჯერ კიდევ მუნიციპალიტეტებშიც არსებობს იმის საშიშროება, რომ გამოვლინდეს კოვიდინფექცია და ამან ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ვთქვათ, შესაძლებელია, ეს იყოს სკოლის მასწავლებელი, მოსწავლე ან ტექნიკური პერსონალი, ამ შემთხვევაში, შემუშავებული გვაქვს რეკომენდაციები - ერთის მხრივ სკოლამ უნდა მიმართოს  ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრებს და სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულება ან კონკრეტული საკლასო ოთახი გადავა დისტანციურ რეჟიმზე.

ორშაბათიდან მოსწავლეების ტრანსპორტირება აღდგება, ასევე, მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოწვევები, ამ შემთხვევაშიც გვაქვს დაშვება. სკოლები თავად მიიღებენ საჭირო ზომებს - შეუძლიათ, დაიქირავონ ან დააფინანსონ ტრანსპორტირება. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება ამ ყველაფრის ორგანიზება, ასევე მშობელს აქვს შიში, მის შვილს არ დაემართოს ვირუსი, სკოლამ უნდა მიმართოს განათლების სამინისტროს, რის საფუძველზეც, ჩვენ გადავიყვანთ სკოლას დისტანციურ სწავლებაზე", - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით 1 თებერვლამდე არ აღდგება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203