განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, სკოლებისთვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი დამტკიცდა.
დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზეზია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების გაცემა.
ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება:
ა) თითოეულ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;
ბ) თითოეულ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;
გ) თითოეულ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;
დ) თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე;
ე) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე;
ვ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე;
ზ) თითოეულ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;
თ) თითოეულ წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრის თვისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას ორ დანართად:
ა) დანართი №1:
ა.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;
ა.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;
ა.გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.
ბ) დანართი №2:
ბ.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;
ბ.გ) საჯარო სკოლის თითოეული სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა, რომელთაც ასწავლის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.