დავით მენაფირეს სკოლა „ლამპარში“ ხვალ საკვირაო სკოლა იხსნება
03-11-2017
რუსთავში, დავით მენაფირეს სკოლა „ლამპარში“, ხვალ საკვირაო სკოლა იხსნება. სასწავლო პროგრამა 4-დან 15-წლამდე ბავშვებზეა გათვლილი და საინტერესო, შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილებს მოიცავს. Etaloni.ge სკოლა „ლამპარის“ დირექტორს თეიმურაზ მენაფირეს ესაუბრა:

- როგორ გაჩნდა საკვირაო სკოლის გახსნის იდეა?

- საკვირაო სკოლის გახნის იდეა, ძირითადად, მშობლების სურვილის გათვალისწინებით გაჩნდა. მათ თავიანთი შვილებისთვის დამატებითი მეცადინეობები სურდათ. ამ შაბათიდან ვიწყებთ სწავლას, ხვალ, 4 ნოემბერს არის პირველი მეცადინეობა.  სკოლაში კვირაში 2 დღეს, შაბათ-კვირას ჩატარდება მეცადინეობები, რომლებიც 10-საათიდან 16-საათამდე გაგრძელდება. 

- რა ასაკის ბავშვებისთვის არის საკვირაო სკოლა?
 
- მეცადინეობები იქნება როგორც სკოლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. საკვირაო სკოლა ძირითადად 4-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.  ჯგუფები შემდეგნაირად გვაქვს დაყოფილი: სკოლამდელი ასაკის ბავშვები (4-5 წლისები) ერთ ჯგუფში არიან გაერთიანებულები, ხოლო მოსწავლეები - ცალკე ჯგუფებში. მოსწავლეები კლასების მიხედვით არიან ჯგუფებში დაყოფილები - 1-ლი, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები ერთ ჯგუფში სხედან, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები - ერთად და ა.შ. ანუ სამ-სამი კლასის მოსწავლეები არიან ერთ ჯგუფში. ამ ეტაპზე 4 ჯგუფი გვყავს, 2 ჯგუფში გაერთიანებულები არიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები, დანარჩენ 2-ში კი - მოსწავლეები. (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები და მე-6, მე-7, მე8 კლასის მოსწავლეები). როგორც გითხარით, 15-წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ საკვირაო სკოლაში სწავლა. თუმცა სურვილის შემთხვევაში, საკვირაო სკოლაში მათთვისაც შევქმნით ჯგუფებს. როგორც მოგეხსენებათ, 15 წლის ზევით ახალგაზრდები, რეპეტიტორებთან ემზადებიან. 

- რას ისწავლიან მოსწავლეები საკვირაო სკოლაში და რა ღირს სწავლება?

- საკვირაო სკოლაში ბავშვები სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციას გაეცნობიან, დაგეგმილია გასვლითი სასწავლო ღონისძიებები, ექსკურსიები საქართველოს კუთხეებში. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ცალკე პროგრამაა, სასკოლო მზაობის კურსია შემუშავებული. ამ კურსის ფარგლებში, ბავშვები გამოიმუშავებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარებათ სასკოლო გარემოსთან შეგუებასა და შემდგომ განვითარებაში. რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, მათთვის იქნება როგორც საგნობრივი, ასევე კლასგარეშე საკითხების განხილვა. მათ კურსში შედის ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისურის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილები. საკვირაო სკოლის ბავშვები დაეუფლებიან ხელსაქმესაც - შეისწავლიან ძერწვას, თიხაზე მუშაობას... ეს ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ მათ საბაზისო ცოდნა მიიღონ. საკვირაო სკოლაში სწავლის თვიური ფასი 60 ლარს შეადგენს.

- დაინტერესების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი/მეურვე?

- დაინტერესებულ მშობლებს ვურჩევთ, ჩვენი ფეისბუქის გვერდი მოძებნონ და გაეცნონ ინფორმაციას როგორც სკოლის, ასევე საკვირაო სკოლის შესახებ. დასარეგისტრირებლად მშობელმა ან მეურვემ აპლიკაციის ფორმა უნდა შეავსოს. რამდენიმე კითხვაა მოცემული - ბავშვის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ასაკი... შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდება მათ მითითებულ ნომერზე. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203