2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვარს დაიწყო. სკოლების უმეტესობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა, თუმცა მცირე ნაწილს მაინც ხვდა წილად ბედნიერება, საკლასო ოთახს დაბრუნებოდნენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან.
Etaloni.ge სხვადასხვა სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როგორ განაახლეს სასწავლო პროცესი, როგორია მოსწავლეების განწყობა და როგორ უყურებენ რეგიონების მიხედვით, განსხვავებულ მიდგომებს დისტანციური თუ დასწრებითი სწავლის განახლების კუთხით.
ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ირემაძე:
მეორე სემესტრი დისტანციურად დავიწყეთ. ახლა უფრო მოტივირებულები არიან მოსწავლეები ელექტრონული ჟურნალიც გვაქვს და მოწმდება მათი დასწრება, მშობლებიც მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ აუცილებელია მოსწავლის ჩართვა ონლაინ სწავლებაში ახლა უფრო მეტად არის განათლების ხარისხი ამაღლებული. განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ვინაიდან მშობლები უფრო მეტად აქცევენ ბავშვებს ყურადღებას, უფროს კლასებში უფრო მეტი თავისუფლება აქვთ მოსწავლეებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ რუსულენოვანი სექტორიც გვყავს და იქ იმავეს ვერ ვიტყვი, აბსოლუტური დასწრებაა ყველა გაკვეთილზე და პირიქით დამატებით გაკვეთილებს ითხოვენ.
ერთ რამეს ვაპროტესტებ, თუ ქუთაისში დისტანციურად უნდა ვასწავლოთ, მარტო ჩვენთან ხომ არ არის კორონავირუსი, სხვა სკოლებში რატომ არის დასწრებითი სწავლება, ამას ვერ ვხსნი. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გადავიტანე ვირუსი და მართლაც საშინელებაა, არ მესმის. ერთად დადიან ეს ბავშვები ხვდებიან ერთმანეთს და მაინცდამაინც სკოლაში არ მგონია განსაკუთრებით მაღალი იყოს ვირუსის გავრცელების რისკი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორი საულ სულაბერიძე:
ონლაინ სწავლებით დავიწყეთ ეს სემესტრი და პირველი თებერვლიდან ველოდებით, რომ სკოლებს დავუბრუნდებით. პირდაპირ გეტყვით, რომ დასწრებითი სწავლება ჰაერივით სჭირდებათ ახლა მოსწავლეებს. მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, რომ პირველი თებერვლიდან დავიწყოთ სასწავლო პროცესი, რესურსცენტრმა მოგვამარაგა ყველა საჭირო ნივთით, სადეზინფექციო ხსნარებით თერმომეტრებით და ა.შ. და ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ თებერვლიდან პირდაპირი სწავლება დავიწყოთ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ კეჭაყმაძე:
ოზურგეთში ყველა სკოლამ დისტანციურად დაიწყო სწავლა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია ასეთი იყო და ისინი უფრო კომპეტენტურნი არიან ამ საკითხში. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, დისტანციური სწავლა პირისპირს ვერ ჩაანაცვლებს, ეს ყველას ესმის. ვცდილობთ მაქსიმალურად და იმედი გვაქვს 1 თებერვლიდან დავუბრუნდებით საკლასო ოთახს და ამ დისტანციური სწავლების გამოცდილებასაც გამოვიყენებთ. ახლა სხვა ალტერნატივა არ ჩანს. გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტის პრობლემა აქვთ, მაგრამ მათი რიცხვი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ველოდით, დაახლოებით სამი ათეული მოსწავლეა ასეთი და მათთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ.
ბაღდათის N1 სკოლის დირექტორი მერაბ ფურცელაძე:
მეორე სემესტრი საკლასო ოთახში დავიწყეთ. ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და ამ მხრივ სკოლაში ყველაფერი მოწესრიგებულია. სადეზინფექციო საშუალებები, თერმომეტრები - ყველაფრით აღჭურვილია სკოლა.
მოსწავლეთა დასწრებაც ძალიან მაღალია, 92%-იანი დასწრება გვაქვს, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნება მართალაც უხარიათ. ონლაინ სწავლების დროს, მათი ძირითადი კითხვა სკოლაში დაბრუნებას ეხებოდა და შედეგიც სახეზეა.
დედოფლისწყარო ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ბაინდურაშვილი:
სიმართლე გითხრათ ძალიან გვაწუხებს ონლაინ სწავლება, მაგრამ ამ ვითარებიდან გამომდინარე, მართლა აღარ ვიცი მოსწავლეებისთვის რა სჯობს. ერთიც სახიფათოა და მეორეც. მიუხედავად ამისა, მოსწავლეები მაქსიმალურად არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში. რამდენიმე მოსწავლეა, რომელსაც ინტერნეტის პრობლემა აქვთ, თუმცა მათაც ტელეფონზე ვუკავშირდებით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომარის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ წიტაიშვილი:
მეორე სემესტრი დისტანციურად დავიწყეთ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თორემ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ დასწრებითი სწავლება შეუცვლელია მოსწავლეებისთვის და აუცილებელი. თუმცა როგორც სიტუაცია გვკარნახობს, ისე ვიქცევით ახლა.
უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციური სწავლის ხანგძლივობასთან ერთად მოსწავლეთა მოტივაცია ეცემა. უფრო მეტად უჭირთ განრიგთან შეგუება, ცალკე ინტერნეტის პრობლემაც არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს და ყველაფერი გავაკეთოთ მათთვის.
დედოფლისწყარო სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ვარლამ თაგოშვილი:
მეორე სემესტრიც დისტანციურად დავიწყეთ. მოსწავლეთა ჩართულობა ძირითადად მაღალია, თუმცა რა თქმა უნდა გვყავს მოსწავლეები, რომლებიც ვერ ერთვებიან სათანადოდ, რადგან ინტერნეტის ხარვეზია, ნელია, ხშირად ითიშება. მეუბნებიან ხოლმე - „მასწავლებელო კარგად არ მესმის“. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ მოსწავლეებთან კავშირი გვქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება ნამდვილად რთულია, მუნიციპალიტეტში ვირუსის საშიშროება ნამდვილად არის, მთელ სოფელში მოდებული იყო ვირუსი, მოსახლეობის ნაწილი არც ამჟღავნებს რომ ავად არის, ასე ძალიან ბევრმა გადაიტანა, ამიტომ დისტანციური სწავლება ამ შემთხვევაში ნამდვილად არის გამოსავალი.
ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ხურციძე:
კვლავ ონლაინ სწავლებაზე ვართ. სწავლების თვალსაზრისით დისტანციურად ყოფნა ძალიან ცუდია, თუმცა თუ სიტუაციას გადავხედავთ, ასე სჯობს. მოსწავლეებს, კი რა თქმა უნდა, სკოლაში დაბრუნება სურთ.
გორი ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აწკარუნაშვილი:
რა ჯობს მოსწავლე და მასწავლებელი, რომ კლასში ატარებენ გაკვეთილს. საკლასო ოთახში სულ სხვა გარემოა, მაგრამ ყველა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლეც აცნობიერებს, ამ ვითარებაში ასე სჯობს - დისტანციურად და სხვა გზა არ არის. შეგუებულები ვართ, რომ სანამ პანდემიაა და სანამ რეკომენდაციებს არ მივიღებთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, დისტანციურად ვიქნებით. გათავისებული გაქვს, რომ მდგომარეობა ასე მოითხოვს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ ბიბინიძე:
ეპიდსიტუაციას გააჩნია, თუ იმ რეგიონში დაავადების საშიშროებაა, რა თქმა უნდა, დისტანციურად უნდა იყოს სწავლა. ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ჩვენთანაც დისტანციური სწავლებაა, რაც საკმაოდ რთულია. ბავშვების განწყობა განსხვავებულია, მათი ნაწილი დისტანციური სწავლების პერიოდში უფრო აქტიურად ჩაერთო სასწავლო პროცესში, თუმცა უმეტესობა საკლასო ოთახში უფრო კარგად გრძნობდა თავს.
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა კოკაია:
ჩვენ დასწრებით სწავლებაზე ვიყავით და მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში დავიწყეთ. რეკომენდაციები მაქსიმალურად არის დაცული სკოლაში. მოსწავლეებიც შეეგუვნენ იმ წესებს, რომელიც უნდა დაიცვან. რა თქმა უნდა არ ეხალისებათ, მაგრამ დისტანციურ სწავლას ნამდვილად ურჩევნიათ არსებული რეგულაციების დაცვა. ასე რომ, არც ამ მხრივ გვაქვს რაიმე პრობლემა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნანული ჭიღიტაშვილი:
მეორე სემესტრი დისტანციურად დავიწყეთ. რა თქმა უნდა დასწრებითი სწავლება გვირჩევნია და ყველას გვსურს სკოლაში დაბრუნება, მაგრამ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ვფიქრობ, მთავრობის და განათლების სამინისტროს მიერ მიღებული ზომები მიზანშეწონილია.
ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჩახუნაშვილი:
2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი ჩვენს სკოლაში დისტანციურად დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ვფიქრობ დისტანციური სწავლება ნამდვილად იყო გამოსავალი ჩვენი და ბავშვების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.