18 იანვარს სასწავლო წლის მეორე სემესტრი სკოლებმა დაიწყეს, ნაწილმა დისტანციურად, ნაწილმა საკლასო ოთახებში. ამასობაში საბავშვო ბაღები თითქოს მიავიწყდათ - არავინ ამბობს, გაიხსნება თუ არა ისინი უახლოეს მომავალში და სწორედ ამის გასარკვევად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით.
კითხვაზე - როდის აპირებენ ან აპირებენ თუ არა ბაღების გახსნას საერთოდ, პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს, მანამდე კი თავადაც გაურკვევლობაში არიან.
„ბაღების გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. პრინციპში, ბაღები არც დაკეტილა - ჩვენ ხომ პროდუქტს გავცემთ აღსაზრდელებისთვის, ასე რომ, ვმუშაობთ“.
რაც შეეხება საკითხს, მზადაა თუ არა სააღმზრდელო დაწესებულებები ბავშვების მისაღებად და ხომ არ აპირებს შრომის უსაფრთხოების ინსპექცია ხელახლა მათ შემოწმებას, ამაზე ბაღების სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ბაღები აღსაზრდელთა მისაღებად მზადაა, როგორც კი გაიცემა ბრძანება, ისინი გაიხსნება და ამ ეტაპზე სააღმზრდელო დაწესებულებების ხელახლა შემოწმება არ იგეგმება.