ბაღები 1 თებერვლიდან გახსნას ითხოვენ - პრემიერ-მინისტრს წერილით კერძო სააღმზრდელო დაწესებულებები მიმართავენ
25-01-2021

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების გამო, სხვადასხვა შეზღუდვასთან ერთად, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, რაც ბავშვებთან ერთად, მშობლების დიდი უკმაყოფილების მიზეზია; ამ ყველაფერს კი კერძო ბაღების თანამშრომელთა უკმაყოფილება ემატება, რომლებიც თითქმის ერთი წელია, უფუნქციოდ და ამასთან, უშემოსავლოდ არიან დარჩენილნი.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის გეგმა დაამტკიცა, გაირკვა, რომ რუსთავი, თბილისი და ქუთაისი კვლავ ჩაკეტილია და პირველ მარტამდე, სკოლებთან ერთად, ბაღებიც დაკეტილი რჩება.

აქედან გამომდინარე, კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციამ მიმართა პრემიერს და პირველი თებერვლიდან მათი გახსნის ნებართვა სთხოვა.

წერილში, რომლის ადრესატიც გიორგი გახარიაა, ვკითხულობთ:  „ამ სფეროში დასაქმებულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს შემოწმება კოვიდ-19-ის თავიდან აცილების რეგულაციების დაცვის მიმართულებით, ერთი თვის გამავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდნენ, რაზეც მოწმობს ის ფაქტი, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ არც ერთ კერძო ბაგა-ბაღში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღები ყველაზე ნაკლებად არიან ვირუსის მიმართ რისკის მატარებლები, ვინაიდან ადმინისტრაცია მოტივირებულია, ზედმიწევნით შეასრულოს ყველა რეკომენდაცია.

გთხოვთ, მოგვცეთ კერძო ბაღებს ფუნქციონირების ნებართვა, იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ამ სფეროში დასაქმებულთა ინტერესებს“, ასეთია მიმართვის შინაარსი, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კერძო ბაღებთან დაკავშირებით, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203