პედაგოგთა გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა - რეგისტრაციისთვის სპეცმასწავლებლები 50 ლარს გადაიხდიან
საქართველოს განათლების მინისტრმა სპეციალური მასწავლებლების გამოცდის ჩატარების წესი დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავს ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და თანხას, რომლის გადახდაც გამოცდაზე გასვლის მსურველებს მოუწევთ.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ტესტირება ტარდება:
ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში;
ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში.
- ტესტირება ტარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.
ტესტირებაში მონაწილეობის უფლება
- ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.
- ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს სპეციალურ მასწავლებელს.
- ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით (გარდა სპეციალური მასწავლებლობის მსურველი პირებისა) ცენტრი ეყრდნობა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
- უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში გამოსაცდელის მონაწილეობის უფლებისა და საფასურის გადახდის სავალდებულოობის განსაზღვრის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ცენტრს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების შესახებ (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახე და ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც ასწავლის პირი).
ტესტირების საფასური
- ტესტირების საფასური მოიცავს:
ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;
ბ) გამოსაცდელის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურისაგან თავისუფლდება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც რეგისტრირდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი გამოსაცდელი ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.
- თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურები გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის გამოსაცდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.
ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
- ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
- ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომში – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.
- ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას.
იხილეთ ასევე:
გამოცდების ჩატარების ვადები ცნობილია - ტესტირებას წელს მხოლოდ უფროსი, მომავალ წელს კი წამყვანი სპეცმასწავლებლებიც ჩააბარებენ