უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება - განათლების სამინისტრო ცვლილებებზე მუშაობს
27-01-2021
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი მუშავდება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი საჯარო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.
დაფინანსების ახალი მოდელი გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით, ხოლო რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც ითვალისწინებს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის განათლების წამყვანი სპეციალისტი ნინო ქუთათელაძე.