31 იანვარს „ეტალონის“ გუნდი უპრეცედენტო პროექტს იწყებს: პირდაპირ ეთერში (LIVE) გავა სამი გადაცემა - ინტელექტუალური კონკურსი „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“, „გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე და ინტელექტუალური კონკურსი „საქართველოს SUPER ოჯახები“. გადაცემებს ინტერაქტიული-შემეცნებითი ხასიათი ექნება. „ეტალონის“ გუნდი LIVE-გადაცემებს პროექტის უცვლელ თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს და ახალ მეგობრებსაც რთავს - მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდების ბედი აღელვებს.
„ეტალონის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი და თანამოაზრეა ბატონი დიმიტრი გაბუნია, რომელიც სატელევიზიო გადაცემა „ეტალონის“ პარტნიორი ადვოკატის სტატუსით გახდა და კვლავაც განაგრძობს პროექტის მხარდაჭერას, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით.
- „ეტალონთან“ ჩემი მეგობრობა ათეულ წელზე მეტს ითვლის. მაშინ სხვა სტატუსით ვიყავი, ახლა სხვა სტატუსი მაქვს; მიხარია, რომ პროექტი, ყველა გამოწვევის მიუხედავად, ტრანსფორმირებული ფორმით, მაინც გრძელდება.
- სტატუსის ცვლილებამ მეგობრობის ხარისხი ხომ არ შეცვალა „ეტალონთან“, ბატონო დიმიტრი?
- არა, მეგობრებს ასე, მარტივად არ ვიცვლი; გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ქვეყნისთვის კარგი პროექტია, რომელმაც შეიძლება, პოზიტიური ეფექტი მოიტანოს, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე.
- ცნობილია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მხარს უჭერს პროექტს, განსაკუთრებით პროექტში „სუპერ-ოჯახების“ ჩართულობის კომპონენტს, რომელიც სამომავლოდ, ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების აქტიურ ჩართულობასაც გულისხმობს.
- ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან, იგრძნონ მხარდაჭერა და ამ მიმართულებით „ეტალონი“ უდავოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. თავისთავად, ყველა ჯანსაღ წამოწყებას - ემიგრაციაში მყოფი ოჯახები ჩაერთონ ასეთ პროექტებში - მხარს დავუჭერთ.
- ესე იგი, მიიჩნევთ, რომ სახელმწიფო ჩართული უნდა იყოს არაფორმალური განათლების პროექტებში?
- ცალსახაა - ნებისმიერი ჯანსაღი წამოწყება სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი! ცალკე სახელმწიფო ყველაფერს ვერ გააკეთებს - კერძო, ჯანსაღი ინიციატივები ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის, იმიტომ, რომ განათლება უპირველესია. მისასალმებელია ის, რასაც „ეტალონი“ აკეთებს და ვფიქრობ, ერთობლივი ძალით ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ.