ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებს სკოლის დირექტორები აფასებენ
28-01-2021

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი სიახლეების მიხედვით მე-8 კლასის მოსწავლეებს მეორე სემესტრიდან უცხოური ენაში კვირაში ერთი საათი მოაკლდებათ, ხოლო ისტორიის დატვირთვა ერთი საათით გაიზრდება. ამასთან, მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ახალი საგანი კომპიუტერული ტექნოლოგიები ემატებათ. 

Etaloni.ge დაინტერესდა როგორ აფასებენ საჯარო სკოლების დირექტორები ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ სიახლეებს, რა მოსწონთ და კიდევ რის შეცვლას ისურვებდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის კოტიანეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ადამია:

ვფიქრობ, ცვლილებები იმ მხრივ არის ცუდი, რომ ერთი საგნისთვის საათის მომატება სხვა საგნისთვის მის დაკლებას ნიშნავს. ამას არ მივესალმები. ვთვლი, რომ ერთი საგნის დატვირთვის გაზრდა სხვა საგნის დატვირთვას არ უნდა ამცირებდეს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნიკოლეიშვილი :

რა თქმა უნდა, სწორად არის გადანაწილებული საათები. მართალია, ინგლისურს მაღალ კლასებში ერთი საათი დააკლდა, მაგრამ პირველ კლასში მოემატა სამაგიეროდ. ვფიქრობ, ეროვნული სასწავლო გეგმაში საკმაოდ სამართლიანად არის განაწილებული საათები.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი თინა ჯიხოშვილი:

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მიღებული ცვლილებები ძალიან სწორად არის გადანაწილებული. დისტანციური სწავლიდან გამომდინარე დამატებითი საათობრივი დატვირთვა არ მგონია გამართლებული ყოფილიყო, თუმცა შემდგომში თუკი სკოლაში გაგრძელდება სწავლა, დამატებითი დატვირთვა ცუდი არ იქნება.

ქარელის მუნიციპალიტეტის ავლევის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე მჭედლიშვილი:

ისტორიისა და ინგლისურის საათებში შესული ცვლილებები უმნიშვნელო იყო, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის დამატება იყო ძალიან კარგი და დროული, რადგან ამ დისტანციურმა სწავლამაც მოსწავლეებს დაანახა, რომ კომპიუტერის კუთხით უფრო მეტად უნდა განვითარდნენ.

წალკის მუნიციპალიტეტის არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ხორგუანი:

ეროვნულ სასწავლო გეგმის შედგენაზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც აანალიზებენ და ითვალისწინებენ, რომელ საგანს რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს, ამიტომ ყველა ცვლილებას ვემხრობი. მნიშვნელოვანი, აქ სიახლეებზე მეტად ის არის, რომ მასწავლებლებმა სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსწავლეებს, სწორად ვასწავლოთ და გავითვალისწინოთ ეროვნული სასწავლო გეგმით არსებული მოთხოვნები.

ქარელის მუნიციპალიტეტის თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა სიდამონიძე:

მივესალმები სიახლეს, რომლის მიხედვითაც, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა დაწყებითი კლასებშიც იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, თუ პირველ კლასში შეგაქვს საგანი, მის სწავლას მოსწავლეები მეხუთე-მეექვსე კლასამდე მაინც უნდა აგრძელებდნენ. ამ საგნის მნიშვნელოვანია ახლა მით უმეტეს საკმაოდ დიდია, რადგან დისტანციური სწავლის პერიოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ელემენტარული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ და თავიდანვე ისწავლონ კომპიუტერის მოხმარების წესები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხუჭუა:

რაღაც მიმართულებით ცვლილებები აუცილებელია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, თუმცა ეტაპობრივად მიმდინარეობს ექსპერტებისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მათი დანერგვა. ვთვლი, რომ არსებული სიახლეები არ არის შეუსაბამო ნამდვილად და ძალიან სწორად შედის ცვლილებები ესგ-ში. ასეთია ჩემი მასწავლებლების პოზიციაც.

ქარელის მუნიციპალიტეტის ტახტისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ბაციკაძე:

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებს მივესალმები. ვფიქრობ, ძალიან სწორად არის გადანაწილებული საათობრივი დატვირთვაც საგნების მიხედვით. ასევე მივესალმები დაწყებით კლასებში კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის შეტანასაც. ვინაიდან 21-ე საუკუნე კიბერნეტიკის ხანაა და მით უმეტეს მაშინ, როცა პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე ვართ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ უფრო მეტი კომპიუტერული პროგრამების შესახებ და თავიდანვე მიიღონ ეს ცოდნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერი შონია:

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებს ვეთანხმები, ვფიქრობ, ძალიან სწორად არის გადანაწილებული საათობრივი დატვირთვა კლასების მიხედვით. მივესალმებით, ასევე დაწყებით კლასებში ისტ-ის საგნის დამატებასაც. ვფიქრობ, მაშინ როდესაც აქტიურად ვიყენებთ კომპიუტერებს სასწავლო პროცესში და სწავლაც დისტანციურ ფორმატში გვაქვს ძალიან კარგია, რომ მოსწავლეებმა ამ მიმართულებით თავიდანვე მიიღონ შესაბამისი ცოდნა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჭერემის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ აბესაძე: 

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების მიხედვით მეორე, მესამე მეოთხე კლასის მოსწავლეებს დაემატათ კომპიუტერული მეცნიერების საგანი, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგია, რადგან პირველ კლასში სწავლობდნენ ამ საგანს მერე აღარ და შემდგომ მაღალ კლასში აგრძელებდნენ და ჰქონდათ ჩავარდნა. ახლა თავიდანვე მიყვებიან და ეს ვფიქრობ, კარგია. სიმართლე გითხრათ, ჩემს პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამთ, ასე რომ ვერ გეტყვით, რომ რამე არ მოგვწონს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203