გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის N49 დადგენილება, რომლის მიხედვითაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, 8 თებერვლიდან განაახლებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო ბორჯომი, ბაკურიანი, მესტია, კურორტი გოდერძი და ხულოს მუნიციპალიტეტი კვლავ ჩაკეტილი რჩება.
ამასთან ერთად, ცნობილია, რომ 15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია, როდის გაიხსნება უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. მთავრობის დადგენილებაში კი, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, გარკვევით წერია, რომ სწავლა დისტანციურად უნდა გაგრძელდეს:
„ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში არსებულმა პროფესიულმა, სპეციალურმა პროფესიულმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საგანმანათლებლო საქმიანობები შესაძლებელია, განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ“.