შუაფხოს სკოლის დირექტორი, 10 შვილის დედა მცირეკონტინგენტიანი სკოლის ყოველდღიურობასა და მთის ცხოვრებაზე
09-11-2017
ახალ სასწავლო წელს შუაფხოს სკოლა სიახლით შეხვდა. სკოლას საშუალო საფეხური - მე-10, მე-11 და მე-12 კლასები დაემატა. ამის შედეგად, სოფელს სამი მოსწავლე დაუბრუნდა. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ სოფელი არ დაიცლება. 

შუაფხოს მცირეკონტინგენტიან სკოლაში ამჟამად 17 მოსწავლე სწავლობს, აქედან 8 - სკოლის დირექტორის, ირმა ცქიფაშვილის შვილია. ირმა ცქიფაშვილი სკოლას 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. 10 შვილის დედა შუაფხოს სკოლის ყოველდღიურობასა და მთაში ქალის ცხოვრებაზე გვესაუბრება:

- სიახლით შეხვდით ახალ სასწავლო წელს. თქვენი და თქვენი სკოლის მოსწავლეების დიდი ძალისხმევითა და მონდომებით, შუაფხოს სკოლაში სწავლა 12-წლიანი გახდა... 

- ეს სასწავლო წელი  ჩვენი სკოლისთვის განსხვავებულად დაიწყო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების საფუძველზე, სკოლას ისევ დაუბრუნდა საშუალო საფეხურის სტატუსი, რის შედეგადაც სოფელს დაუბრუნდა სამი საშუალო საფეხურის მოსწავლე, რაც იმის მაუწყებელია, რომ სოფელი არ დაიცლება და ის შეინარჩუნებს კიდევ რამდენიმე სოფელს თავისი მოსახლეობით.

- 12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა აქვს... შუაფხოს სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უკანაფშავში. როგორია თქვენი სკოლის ყოველდღიურობა. 

- ყოველი დღე ჩვენი სკოლისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის შემართებით იწყება. ჩვენ არ გვქონია და არც გვექნება მოდუნების საშუალება, ვინაიდან თითოეული ჩვენგანი დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით დაკისრებულ ვალდებულებებს.

- შუაფხოს სკოლაში 17 მოსწავლე სწავლობს, აქედან 8 თქვენი შვილია... 

- ალბათ, ეს უფრო მაძლიერებს და მამხნევებს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმიანობას პირნათლად გავუძღვე, მაგრამ რამდენად ვახერხებ, საკითხავია...

 

- რა პრობლემების წინაშე დგას დღეს მთა და მთის მოსახლეობა? რა მდგომარეობაა ზამთარში?

- მთა თითქმის დაცლის პირასაა, ერთადერთი სკოლაა, რამაც შეიძლება მიგრაცია შეაჩეროს, ამასთან დავძენ იმასაც, რომ ბოლო წლებია, მთას უფრო მეტად ექცევა ყურადღება და იმედია, ეს ასე გაგრძელდება. მთაში ზამთარსაც, ზაფხულსაც და დანარჩენ დროებსაც თავისი ხიბლი აქვს, ვერ ვიტყვი, რომ ზამთარი გაუსაძლისიაო, ასე ნამდვილად არ არის. მითუმეტეს ახლა, როდესაც გზაც არის, ელექტროენერგიაც და კომუნიკაციაც. ჩემი სურვილია ერთადერთი, სოფლადაც იყოს იმის საშუალება, რომ ჩვენი ბავშვებიც დაეუფლონ სპორტისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგს.

- როგორია ქალის, მრავალშვილიანი დედის, სკოლის დირექტორის ცხოვრება მთაში? 

- ძნელია, იყო ქალი, დედა და დირექტორი და ისიც მთაში. მთის მკაცრ პირობებში ამ სამივეს შეჯერება რთულია, მაგრამ ვცდილობ ვიყო წარმატებული დედაც, დირექტორიც და ქალიც.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203