საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მასწავლებლები ყოველ ორ კვირაში ერთხელ კოვიდ-ტესტირებას გადიან.
მართალია, ეს რეგულაცია პედაგოგებს დიდად არ მოსწონთ, მაგრამ ვალდებულება ვალდებულებაა და გაპროტესტება ვერაფერს შეცვლის; მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან მასწავლებელთა ტესტირებისთვის საკმაოდ მსუყე თანხას ხარჯავს.
საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლებში 59 460 მოქმედი პედაგოგია; მათგან 20%-ს PCR ტესტი უნდა ჩაუტარდეს, დანარჩენი 80%-ს კი სწრაფი ტესტი. და მიუხედავად იმისა, ტესტირების ეს ორი მეთოდი ფასით განსხვავდება, სახელმწიფო მასწავლებლების ტესტირებაში 7 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს თვეში, თან გაითვალისწინეთ, რომ რაოდენობაში დაანგარიშებული არ გვაქვს, სკოლის ადმინისტრაციისა და სხვა პერსონალის ტესტირების ხარჯი.
მასწავლებელთა 14 დღეში ერთხელ ტესტირება კი ციფრებში ასე ჯამდება:
59 460-დან, 11 892 მასწავლებელი PCR-ით იტესტება, რაც იქიდან გამომდინარე, რომ თითო ტესტი დაახლოებით 120 ლარი ღირს, სახელმწიფოს, ჯამში 1 427 040 ლარი უჯდება;
დანარჩენ - 47 568 პედაგოგს, სწრაფი, 50-ლარიანი ტესტი უტარდება, რაც ჯამში, 2 378 400 ლარია;
მთლიანობაში, მასწავლებელთა ტესტირებისთვის 14 დღეში 3 805 440 ლარი იხარჯება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პედაგოგები თვეში ორჯერ იტესტებიან, გამოდის, სახელმწიფო მათი კოვიდზე ტესტირებისთვის, თვეში 7 610 880 ლარს ხარჯავს.