„ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა“ - განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივაზე კომენტარი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ გააკეთა.
გორგოძის თქმით, მინისტრმა ერთ-ერთი იდეა გამოიტანა საჯაროდ, თუმცა საუბარი სხვადასხვა მოდელებზეც მიდის. თუმცა, ამ ეტაპზე ცენტრი ცვლილებებზე აქტიურად არ მუშაობს.
„ზოგადად, მსჯელობა იმაზე, რომ საგამოცდო მოდელი უნდა დაიხვეწოს მუდმივად მიმდინარეობს. ეს იყო ერთ-ერთი იდეა, რომელიც მინისტრმა გააჟღერა, თუმცა სხვადასხვა მოდელებზეა საუბარი.
ვერ ვიტყვი რომ ახლა ჩვენ, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ისევ პანდემიური დღის წესრიგი გვაქვს და ძალიან კონცენტრირებული ვართ გამოცდაზე, რადგან თითქმის 80 ათასი გამოსაცდელი უნდა მივიღოთ. ეს იქნება სამომავლო პერსპექტივა და როდესაც მოახლოვდება ეს პერიოდი, რომ გარკვეული ცვლილებები კიდევ განხორციელდეს, ამის შესახებ დეტალურად შეიტყობთ“, - აღნიშნავს სოფიო გორგოძე.