სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.
დაფინანსება დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიურ მოსწრებაზე და წლიურად 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს შეადგენს.
91-100 ქულა – სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია. 71-90 ქულა – სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 010 -150 000-ია, სემესტრული თანხის 70%; 51–70 ქულა – სემესტრული თანხის 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.
პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი. აღსანიშნავია, რომ სტუდენტმა დოკუმენტაცია და განცხადება უნდა წარადგინონს პირადად. განცხადების მიღება უკვე დაიწყო და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.