მიიღებენ თუ არა პირველკლასელებს, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის შემდეგ უსრულდებათ - დგებუაძე
04-03-2021

2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება - აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კატეგორიულად გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული კანონი შეიცვალოს.

„2020-2021 სასწავლო წელს ჩვეულ ფორმატში გაგრძელდება მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვა. როგორც აღვნიშნეთ, 15 სექტემბრის ჩათვლით ბავშვს უნდა ჰქონდეს შესრულებული 6 წელი“, - აცხადებს ეკა დგებუაძე.

წლების განმავლობაში არაერთმა მშობელმა მიმართა პარლამენტსაც და განათლების სამინისტროსაც, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შევიდეს ცვლილება და პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება იმ 5 წლის ბავშვებსაც მიეცეთ, რომლებსაც 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, თუმცა სახელმწიფო უწყებების პასუხი აღნიშნულზე ყოველთვის ზოგადია და როგორც წესი ისინი არ განმარტავენ მიზეზებს, რის გამოც კანონში აღნიშნული ცვლილებების შეტანას არ განიხილავენ.

მშობლების ნაწილის უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ ხშირად ბავშვები არათანაბარ პირობებში ხვდებიან.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში აღნიშნულია, რომ სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს, თუ თარიღი დასვენების დღეს ემთხვევა მაშინ იგი პირველ სამუშაო დღემდე იწევს. ანუ თუ 15 სექტემბერი მაგალითად, კვირა დღეს ემთხვევა, მაშინ სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება და ამ დღეს დაბადებულ ბავშვსაც აქვს უფლება სკოლაში შევიდეს. სხვა შემთხვევაში მათ ამის უფლება არ აქვთ.  მშობლები კი სწორედ ამ მიდგომას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა ერთი კონკრეტული თარიღის განსაზღვრა, რადგან ასეთ შემთხვევაში ბავშვები აღარ დაიჩაგრებოდნენ.

„ვფიქრობ, უსამართლოა როცა ერთ წელს 16 ან 17 სექტემბერს დაბადებულ ბავშვს შეუძლია პირველ კლასში შევიდეს და მეორე წელს არა. უნდა იყოს ერთიანი თარიღი, რომელიც უცვლელი იქნება“, - აღნიშნავს მშობელი ჩვენთან საუბრისას.

„სანამ ჩარიცხვების შესახებ კანონი შეიცვლებოდა მანამდე განსაზღვრული იყო, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით რომელ ბავშვებსაც უსრულდებოდათ 6 წელი მათ პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება ჰქონდათ. ძალიან სწორი მიდგომა იყო და არც გაურკვევლობას იწვევდა. ვფიქრობ, სამინისტრომ იგივე მოდელი უნდა გააკეთოს“, - გვითხრა მშობელმა.

იხილეთ ასევე: პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მარტიდან დაიწყება - ვადები და ეტაპები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203