რა უნდა იცოდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გასვლის მსურველებმა  - ყველა დეტალი
06-03-2021
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 31 მარტის 18:00 საათამდე შეუძლია. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მიმართავს სასურველ უმაღლეს სასწავლებელს.
 
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).
 
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ პირს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. 
    
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).
 
თუ მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე  ცენტრს განცხადებით  31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).
 
გამოცდებში მონაწილემ, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203