მიუღებელია მასწავლებლის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებისა და კომენტარების მოსმენა - პროფკავშირების განცხადება
08-03-2021
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლისთვის წამყვანის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. რასაც თავის მხრივ, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გამოეხმაურა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, მათთვის მიუღებელია მარგინალური ჯგუფის მიერ ასეთი ცილისმწამებლური და პირველ რიგში - მათთვისვე შეურაცხმყოფელი განცხადებისა და კომენტარების მოსმენა, მასწავლებლის მიმართ.

მასწავლებელთა პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) ულოცავს მასწავლებლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით სტატუსის ამაღლებას, განსაკუთრებით, სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის სპეციალურ მასწავლებელს ირინე ფიროსმანაშვილს, რომელიც პირველი წამყვანი სპეციალური მასწავლებელია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. სამწუხაროდ, ნაცვლად მილოცვისა, სოციალურ ქსელებში, ცალკეული პიროვნებების მხრიდან გაიჟღერა, რბილად რომ ვთქვათ, არაობიექტურმა შეფასებებმა და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა წარმატებული მასწავლებლის, ირინა ფიროსმანაშვილის მიმართ.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გვსურს განვმარტოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივლისის N935 ბრძანებით შექმნილი კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების საფუძვლები, რომელიც ეხება განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების, აგრეთვე ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლებისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხს.

კომისია ხელმძღვანელობს განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით - „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესი და პირობები“.

კომისიის შემადგენლობაში შედიან: განათლების სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტები.

მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი მინიჭების თაობაზე კომისია ხელმძღვანელობს ორი კრიტერიუმით:

ა) ეროვნულ დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება;

ბ) საერთაშორისო დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება.

მიმდინარე წლის 11 თებერვალს, კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს 14 განაცხადი და სტატუსის ასამაღლებლად შერჩეული იქნა 5 მასწავლებელი, რომლებიც წარედგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მისანიჭებლად.

ხუთ მასწავლებელს შორის 2 სპეციალური მასწავლებელია.

სპმთპ-ს მიაჩნია, რომ ეს გარემოება ადასტურებს სპეციალური მასწავლებლების მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას.
სპეციალური მასწავლებლის, ირინე ფიროსმანაშვილის კანდიდატურა სტატუსის მინიჭების კომისიაზე წარადგინა სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლამ. ჩვენ ვერ შევუდგებით მისი მრავალრიცხოვანი დამსახურებების, პროფესიული გამოცდილების და მიღწევების აქ ჩამოთვლას, რამაც დიდი როლი ითამაშა კომისიის წევრებში არჩევანის გაკეთების დროს. შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ქალბატონმა ირინე ფიროსმანაშვილმა დააკმაყოფილა კომისიის დებულების პირველი კრიტერიუმი, ვინაიდან მისი საქმიანობის ეროვნულ დონეზე კომპლექსური შეფასება განხორციელდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული, წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფარგლებში და გადაეცა 2019 წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ჯილდო.

ჩვენთვის მიუღებელია, თუნდაც ძალიან მცირე და მარგინალური ჯგუფის მიერ ასეთი ცილისმწამებლური და პირველ რიგში - მათთვისვე შეურაცხმყოფელი განცხადებისა და კომენტარების მოსმენა, მასწავლებლის მიმართ.

სპმთპ გმობს მასწავლებლის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას და ზოგიერთი ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან არაეთიკური, არაკომპეტენტური, არაობიექტური შეფასებების გაკეთებას.

გვსურს აგრეთვე, მადლობა გადავუხადოთ ყველა პედაგოგს, რომლებიც, არ იქნენ წარდგენილნი სტატუსის ასამაღლებლად, ან ვერ აკმაყოფილებენ სტატუსის მინიჭების კომისიის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ ქვეყნის მომავალი თაობის წინაშე, მაღალი პროფესიონალიზმითა და მოტივაციით, ენითაუღწერელ მუშაობას ეწევიან, თავიანთი მიღწევებითა და დამსახურებებით უდიდესი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ყოველთვის იდგება მასწავლებლების ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და არავის მივცემთ უფლებას, დააკნინოს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსება და პროფესიონალიზმი!“

იხილეთ ასევე: 

პირველი სპეცმასწავლებელი, რომელსაც განათლების მინისტრმა წამყვანის სტატუსი მიანიჭა - სად ასწავლის დაწინაურებული პედაგოგი?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203