ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლა თავის ისტორიას 1988 წლიდან ითვლის. იგი მდებარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ლოტკინზე, სამღერეთის ქუჩა N3. იმთავითვე სკოლა დაარსდა ბუნებრივად გამწვანებულ ტერიტორიაზე, რაც ხელს უწყობდა და უწყობს ბავშვებს განათლება მიიღონ სუფთა, ჯანსაღ სასკოლო გარემოში. სკოლა გამოირჩევა მდიდარი ბიბლიოთეკით, რომელსაც 2022 წლამდე ღირსეულად ემსახურებოდა ქალბატონი ლალა კუჭავა. აღსანიშნავია, რომ სასწავლო დაწესებულებაშივე არსებობს საცურაო აუზი, რაც კიდევ უფრო ზრდის სკოლისადმი ინტერესს დასახლებაში.
სამყაროში ყველაზე ძლიერი „იარაღი“ განათლებაა, თუმცა მისი მიღება ცოდნის გადაცემის გარეშე შეუძლებელია. თავისი არსებობის 35 წლის მანძილზე N190 საჯარო სკოლის განვითარების გზა სიახლეებით იყო გამორჩეული. სკოლის პირველი დირექტორი, ბატონი დავით კეკელია, დირექციის წარმომდგენლები და პედაგოგიური კოლექტივი დაარსების დღიდან ზრუნავდნენ მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებაზე, სკოლის კედლებში მოფუსფუსე პედაგოგები დიდი მონდომებითა და სიყვარულით, პროფესიონალიზმით უკვლევდნენ ბავშვებს გზას ნათელი მომავლისაკენ. მათმა ფასდაუდებელმა შრომამ, მოსწავლეების უანგარო სიყვარულმა, პროფესიონალიზმმა შეაყვარა უამრავ მოსწავლეს პედაგოგის პროფესია. სიამაყით უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით N190 საჯარო სკოლას კურსდამთავრებული 10 პედაგოგი ღირსეულად ემსახურება. სკოლამ არსებობის მანძილზე რამდენიმე ხელმძღვანელი გამოიცვალა. თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში.
სწავლა-განვითარება ცოცხალი პროცესია, რომელიც მუდმივად მოითხოვს სიახლეებს. 2018 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს ბატონი სარდიონ შაფათავა, რომლის მუშაობის პერიოდში საგრძნობი დიდი ცვლილებები განიცადა სკოლამ: შეიცვალა ინფრასტრუქტურა და უფრო საინტერესო გახდა სასწავლო პროცესი.
სკოლა ჩართულია მრავალ საინტერესო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს სწავლების ხარისხის ამაღლებას. მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა სკოლასა და სოციუმს შორის, რომელიც აგრეთვე, დადებითად აისახება მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობაზე.
სკოლა მუდმივად განვითარებაზე და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული.
თბილისის N190 სკოლა 2019 წლიდან აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის მიზანია აქტიური სწავლა-სწავლება, ცოდნის აგება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, სწავლის სწავლა, ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება, აქცენტი გააზრებაზე და არა დამახსოვრებაზე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასება და თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკა. სკოლა ორიენტირებულია ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობაზე.
ამჟამად სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო მეც სტიმულსა და მოტივაციას სძენს, როგორც პედაგოგიურ კოლექტივს, ასევე სკოლის პატარა მობინადრეებს-ბავშვებს ახალი ენთუზიაზმით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.
სკოლაში 31 აკადემიური კლასი, 730 მოსწავლე და 50 მასწავლებელია, მათ შორის 7 წამყვანი და 43 უფროსი პედაგოგი გახლავთ.