„კატეგორიულად ვაცხადებ!..“ - ცალკე საგნებით სწავლების გაუქმების თაობაზე თამარ ჯაყელი განმარტებას აკეთებს
10-03-2021

„ახალი სკოლის მოდელის“ ირგვლივ ბევრი კითხვაა და არაერთი ინფორმაციაც ვრცელდება. სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის წინ იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, შესაძლოა საგნების სწავლება საერთოდ გაუქმდეს. ამის შესახებ კი განათლების სპეციალისტმა თამარ ჯაყელმა სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა და ტექსტს Etaloni,ge უცვლელად გთავაზობთ:

„საგნების სწავლებასთან დაკავშირებით, ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა, კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - „ახალი სკოლის მოდელი“ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ, ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტს 24 მხარდამჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.

დაბოლოს, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203