„ეს გარემოება ეჭვქვეშ დააყენებს სტატუსის მინიჭებას; ტრენინგები არავითარ შედეგს არ მისცემს პედაგოგებს“ - მასწავლებლებს პროფკავშირები მიმართავს
12-03-2021

პედაგოგთა არამიზნობრივი დროის ხარჯვაზე, ხარისხის განვითარების ჯგუფის დებულებაში არსებულ გაურკვევლობებთან დაკავშირებით პროფკავშირები მასწავლებლებს მიმართავს.

etaloni.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მასწავლებელთათვის პროფესიული ვალდებულებების დაწესებას არაერთგვაროვანი შეფასება და უკმაყოფილება მოჰყვა მასწავლებლების მხრიდან. სპმთპ გთავაზობთ წინადადებებს განსახილველად, გთხოვთ გაგვაცნოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები. 

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებები, მათ შორის, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სავალდებულო ტრენინგკურსების გავლა: უფროსი მასწავლებლებისათვის მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი; წამყვანი მასწავლებლებისათვის მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი და მენტორი მასწავლებლებისათვის მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი.
უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სტატუსის მოპოვებისათვის, გასულ წლებში, შესრულებული აქვთ ყველა მოთხოვნა, რაც განსაზღვრული იყო რეფორმის ფარგლებში. 

მაგალითად, მენტორის სტატუსის მინიჭებისთვის, მასწავლებელმა დააკმაყოფილა უმაღლესი სტანდარტი, სავალდებულო აქტივობების - საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების და პრაქტიკული ნაწილის შეფასების პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ მენტორ მასწავლებლებს ექნებათ დამატებითი ვალდებულება, ყოველწლიურად გაიარონ ტრენინგები, რაც თავისთავად ითვალისწინებს არასაკონტაქტო საათებს და ტრენინგზე მიღებული ცოდნის შეფასებას, მაშინ ეს გარემოება ეჭვქვეშ დააყენებს მთლიანად სტატუსის მინიჭების პროცესს და სქემის ჩანაწერს: „მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება ხდება უვადო“ (მე-6 მუხლი), რაც ბუნებრივად იწვევს უკმაყოფილებას და არასტაბილურობის განცდას პედაგოგებში.

ვსვამთ კითხვას: ერთ წელიწადში რა უნდა შეიცვალოს, მაგალითად მათემატიკის მასწავლებლებისათვის სასწავლო პროგრამებში, ან მეთოდოლოგიის მიმართულებით, რის გამოც, აუცილებელია მასწავლებლის ყოველწლიური სავალდებულო გადამზადება. 

აღნიშნული სქემით, მასწავლებლის მხრიდან ტრენინგკურსების გავლა უკავშირდება ისეთი ტიპის დროის ხარჯვას, რაც მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესის სრულყოფისათვის, სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.

მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება აცდენილია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ძირითად არსს. სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით, ამ ეტაპზე, მასწავლებლის შეფასების ძირითად კრიტერიუმად უნდა განისაზღვროს მისი პრაქტიკული საქმიანობა და შედეგები და არა ისევ თეორიული მომზადება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკულად ეს ტრენინგები არავითარ შედეგს არ მისცემს პედაგოგებს და გამოიწვევს ბიუჯეტის ზედმეტ ხარჯვას.  

უფროს/წამყვან მასწავლებლებს მიზანი აქვთ აიმაღლონ სტატუსი და უკვე მინიჭებული სტატუსის განსამტკიცებლად, ყოველ აკადემიურ წელს ტრენინგ-სემინარების ჩატარება მიზაშეუწონლად მიგვაჩნია.

ამით არა თუ უარვყოფთ, პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარების  ხელშეწყობის ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, არამედ მივესალმებით.  მთავარია, განისაზღვროს ტრენინგკურსების ჩატარების გონივრული ვადა, რომელიც დაკავშირებული იქნება სიახლეებთან. ასეთ ვადად მიგვაჩნია, მაგალითად 3-5 წელი. სავალდებულო ტრენინგები უნდა ჩატარდეს ყოველ მე-3, ან მე-4 ან მე-5 წელს. ამ შემთხვევაში, პედაგოგებს მეტი დრო მიეცემათ პრაქტიკული საქმიანობისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეფორმის ძირითადი მიზნის მიღწევას - განათლების ხარისხის ამაღლებას და დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს. 
ამ პერიოდში მიგვაჩნია, რომ მასწავლებლის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს მისი პრაქტიკული საქმიანობის და შედეგების შეფასება, რაც საშუალებას მოგვცემს კომპლექსურად შევაფასოთ რეფორმის წინა ეტაპები.

დამატებით, გვინდა გავამახვილოთ ყურადღება სქემის კიდევ ერთ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, სკოლის დირექტორი, ან ხარისხის განვითარების ჯგუფი აკვირდება მასწავლებლის საქმიანობას და აფასებს/აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს. კერძოდ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება უფროსი მასწავლებლის 3 და მეტ გაკვეთილს, წამყვანი მასწავლებლის - არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის - არანაკლებ 1 გაკვეთილს. მიგვაჩნია, რომ სიტყვა „არანაკლებ“ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და გამოიწვევს მთელ რიგ გაურკვევლობებს“, - აღნიშნულია მიმართვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203