მასწავლებლები და სტუდენტები 20 თეთრად, მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ - როდიდან ამოქმედდება შეღავათი ლურჯ მიკროავტობუსებში
12-03-2021

პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობისას მოქალაქეები ყველა იმ შეღავათით ისარგებლებენ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით აქამდეც მოქმედებდა. შესაბამისად, მასწავლებლები და სტუდენტები 20 თეთრად, მოსწავლეები კი უფასოდ იმგზავრებენ. 

ახალ სატრანსპორტო სქემასა და მგზავრობის ტარიფებზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა: 

„ლურჯი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი ხდება, შედეგად მგზავრობის ტარიფი 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება. ცვლილებების მიხედვით, მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით (50 თეთრი) საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით. აღნიშნული ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შედის.

ტარიფის შემცირებასთან ერთად ამუშავდება საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ გადაადგილების სქემა, თუ აქამდე ეს მხოლოდ ავტობუსზე და მეტროზე ვრცელდებოდა, რეფორმის ფარგლებში ამას დაემატება ლურჯი მიკროავტობუსებიც. ასევე ყველა ის შეღავათი რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდნენ მომხმარებლები, შესაძლებელი იქნება გამოიყენონ მიკროავტობუსებშიც. რა თქმა უნდა ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოსახლეობას დავუსუბსიდირებთ მგზავრობას“,- განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ავტობუსებსა და მეტროში 20 თეთრს იხდიან სტუდენტები, სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის მანდატურები. ხოლო მოსწავლეებისთვის  უფასოა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203