„ნაეკმა“ საპილოტე ტესტირება დაიწყო - კვლევაში 72 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ
19-03-2021

მოსწავლეთა საპილოტე ტესტირება შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022-ის ციკლისთვის საქართველოში 16 მარტიდან დაიწყო და მასში საჯარო და კერძო სკოლების 15 წლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

საპილოტე კვლევაში თბილისის, აჭარის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და კახეთის 72 სკოლაა ჩართული. საპილოტე ტესტირება 16 აპრილს დასრულდება. ძირითადი ტესტირების ჩატარება კი 2022 წელს იგეგმება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ტესტირების პროცესის მიმდინარეობას თბილისის N23 და N124 სკოლებში პირადად დააკვირდა. საპილოტე ტესტირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ის ორგანიზებით 2000 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. PISA მოსწავლეთა კომპეტენციებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში აფასებს. მისი მიზანია დაადგინოს, რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სისტემა მოზარდებს იმ გამოწვევებისათვის, რომლებსაც ისინი სკოლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA), როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო და მან ამ დრომდე მონაწილეობა მიიღო 2009, 2015 და 2018 წლების ყველა ციკლში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203