ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსსაქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა ეწვია
19-03-2021
19 მარტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი შეხვდა KIU-ს ხელმძღვანელობას და სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები“, ასევე, გაეცნო და დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი.

„ჩვენ ვართ საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა როგორც ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, ისე იაპონელ კოლეგებთან. მომავალში, ჩვენი უნივერსიტეტის საქმიანობაში მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებებით ჩაერთვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები იაპონიიდან“ - განაცხადა KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

 „ჩემთვის პატივია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში ყოფნა. პირველი ვარ, ვინც საჯარო ლექცია წავიკითხე. ვისაუბრე იაპონიის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოწვევებსა და წარმატებებზე, რაც ვფიქრობ, საინტერესო და გამოსადეგია მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებისთვის. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტების აქტიურობამ. აღსანიშნავია, რომ ამ უნივერსიტეტის შექმნით მრავალფეროვანი გარემოა უზრუნველყოფილი საქართველოში, ეს კი სამომავლოდ დიდ პერსპექტივას აჩენს. იაპონიამ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო თავის სტუდენტებში, რაც არის უმთავრესი გასაღები ომის შემდგომი ეკონომიკის განვითარებაში. ვფიქრობ, საქართველოც მიჰყვება ამ მაგალითს.“ - აცხადებს იაპონიის ელჩი იმამურა აკირა.

მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში  განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე. ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე - მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო  შეხვედრები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.
დეტალებისთვის დაუკავშირდით KIU-ს პიარ სამსახურს, ტელ.: 593 26 06 09. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203